„ჩელსიმ“ სეზონი მაინც და მაინც მქუხარედ ვერ დაიწყო. რა თქმა უნდა, როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს, რომ არისტოკრატთა დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი გუნდისთვის ბურთის გორების დროს გაცილებით გამოსადეგი და საჭირო ფიგურა გახლდათ, ვიდრე მოედნის კიდეში მდგომი…

არავინ იცის როგორ გაგრძელდება „ჩელსისთვის“ მიმდინარე სეზონი. ვინძლო ლონდონელებმა სულაც დუნია გააოცონ, პრემიერლიგაც მოიგონ და ზედ ჩემპიონთა ლიგა მიაყოლონ, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ ისტორიაში უკვე არასახარბიელო კუთხით ჩაეწერა და ამას ვერაფერი შეცვლის.

ლამპარდი გახდა „ჩელსის“ პირველი მწვრთნელი, რომლის ხელშიც გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო. სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა ხომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, პირველ ტურში „ვალენსიასთან“ შინაურ კელდებში 0:1 წააგეს.

2019 წლის 17 სექტემბრამდე, „ჩელსის“ მწვრთნელებს ჩემპიონთა ლიგაში დადებითი მაჩვენებელი ჰქონდათ. 10-მა სასტარტო მატჩში გამარჯვება იზეიმა, მხოლოდ ერთხელ იყო, იტალიელი ჯანლუკა ვიალის მწვრთნელობისას გუნდმა ფრედ რომ ითამაშა. ეს, 1999 წელს, „მილანთან” მოხდა -1:1.

აქვე ვთქვათ, რომ ფრენკ ლამპარდის დამოძღვრილმა „ჩელსიმ“ პრემიერლიგაც უხეიროდ დაიწყო და პირველ ტურში „მანჩესტერთან“ 0:4 შერცხვა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ჩელსის“ და „ვალენსიას“ გარდა „აიაქსი“ და „ლილი“ არიან, მომდევნო შეხვედრა კი არისტოკრატებს ფრანგულ კლუბთან სტუმრად უწევთ.