მერე რა, რომ დენიელ სტარიჯი „ტრაბზონსფორში” გადავიდა და კვირას თურქეთის ჩემპიონატში დებიუტიც ჰქონდა — ტრაპიზონის გუნდმა „გენჩლერბირლიგისთან” 2:2 ითამაშა — ინგლისელებმა ის შეიძლება მაინც დასაჯონ.

საქმე ის არის, რომ ინგლისიდან წასულმა სტარიჯმა კუდად 75 000 გირვანქის ტოლი ჯარიმა და ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია გაიყოლა. მიზეზი: ტოტალიზატორის შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ, დამტკიცდა, რომ 2018 წლის იანვარში სტარიჯმა თავის ძმას ლეონს დაადებინა ფსონი, რომ თავად (დენიელ სტარიჯი) „სევილიაში” გადავიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ წელიწადს ფეხბურთელმა „სევილიას” ნაცვლად „ვესტ ბრომვიჩში” ამოყჰო თავი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მას ზემოხსენებულის გარდა კიდევ ცხრა სასჯელს უმზადებდა, მაგრამ დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ ყოფილი ლივერპულელი მათგან იხსნა. საბოლოოდ დარჩა 75 000 გირვანქის გადახდა და ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია, რომელთაგან ოთხის მოხდა ერთი წლით გადაიდო. ამით სტარიჯმა ისარგებლა და თურქეთს შეაფარა თავი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი მაღალ ინსტანციაში საჩივარი დაწერა.

თუ ასოციაცია დავას მოიგებს, მაშინ ის თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს, რომ სტარიჯს თამაშის უფლება შეუჩეროს.