საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტოკუშიმაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა და ნაგოიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო თასის მსვლელობისას ბინას დაიდებს. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ყველა ჯანმრთელადაა, თუ არ ჩავთვლით კაპიტან მერაბ შარიქაძეს, ვინც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ექიმები ჯერჯერობით ფრთხილობენ და მისი დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ აცხადებენ

ამასობაში, უცხოურ პრესაში ქართველების შანსებს აფასებენ, გუნდის შემადგენლობაზე საუბრობენ და გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებენ. დღეს შემოგთავაზებთ კანადურ ვებგვერდზე Lastwordonrugby.com-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ასეთი სტატიის გადმოქართულებულ ვარიანტს:

„საქართველოს ნაკრები, იგივე „ლელოს“, მსოფლიო თასებზე 2003 წლიდან მოყოლებული ზედიზედ ოთხჯერ იყო და კარსმომდგარი ტურნირი მის ისტორიაში მეხუთე იქნება. იაპონიის მსოფლიო თასი გარდამტეხი გახდება და ამ ევროპულ ნაკრებს ახალ დონეზე აიყვანს.

ქართველებმა ევროპის ჩემპიონატი ბოლო 12 წლის განმავლობაში 10-ჯერ მოიგეს. ძლიერი სარაგბო ერია, რომელიც ბრიტანელებთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და რუსეთთან ერთად იაპონიის მსოფლიო თასზე ევროპას წარმოადგენს.

არ ღირს მათი მიკუთვნება ტიერ 2-სთვის, რადგან  ისინი ფიჯის დარად, საკუთარ რეგიონში სარაგბო ლიდერები არიან. და ეს გარემოება მათ ქომაგებს უფლებას აძლევს ამაყად და ხმამაღლა იყვირონ – „ლელო, ლელო, საქართველო!“

ისევე, როგორც აზიაში იაპონიაა, ექვს ერს მიღმა ევროპაში საქართველო დომინირებს. ის აღემატება რუსეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, გერმანიას, რუმინეთს და ყველა დანარჩენს.

საქართველოს სარაგბო ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგის მე-12 საფეხურზეა და მას მილტონ ჰეიგი წვრთნის. მსოფლიო თასზე „ლელოს“ D-ჯგუფში იქნება და უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან მოუწევს თამაში. უმძიმესი ჯგუფია, რომელშიც ერთმანეთს სხვადასხვა სარაგბო კულტურების გუნდები შეერკინებიან.

წარსულში, კერძოდ კი 2017 წელს ქართველები უელსს ერთხელ უკვე შეხვდნენ და 6:13 დამარცხდნენ.

უელსი ექვსი ერის დიდი სლემის მოქმედი გამარჯვებულია და სულ ახლახან რეიტინგის პირველ ადგილზე იმყოფებოდა. დღეს ისინი მე-4 ადგილზე დგანან და მზად არიან, მსოფლიო თასზე ძალიან შორს წავიდნენ. უელსელები ტურნირს 23 სექტემბერს სწორედ საქართველოსთან ჯახით გახსნიან.

ურუგვაისთან ქართველებს 5-ჯერ აქვთ ნათამაშები, აქედან 3 მოიგეს და 2 წააგეს. ამ შეხვედრათაგან ერთ-ერთი 2003 წლის მსოფლიო თასზე შედგა. მაშინ ქართველებმა 12:24 წააგეს და წლეულს რევანშის აღებას ეცდებიან.

ურუგვაი დღეს რეიტინგის მე-19 ნომერია, რაც ამ ჯგუფში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუკი კვირას, 29 სექტემბერს ქართველები ურუგვაის დაამარცხებენ ისინი პოზიტიურ ფონს შეიქმნიან და შემდგომ მატჩში გამარჯვების მოპოვებას უთუოდ ეცდებიან.

რაც შეეხება ფიჯის, ამ გუნდმა სამჯერ ითამაშა ქართველებთან და ორჯერ დამარცხდა. ფიჯელები რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მრისხანე მეტოქეები არიან ჯგუფის ნებისმიერი გუნდისთვის. „მფრინავი ფიჯელების“ რაგბის ღია, გახსნილი სტილი სავარაუდოდ შეიცვლება ქართველების ორთოდოქსულ სტილთან შეჯახებისას.

თუ „ლელოს“ შეძლებს თავისი თამაშის გამრავალფეროვნებას, ეს გუნდი ფიჯის ძლევას მოახერხებს, რაც საქართველოს მსოფლიო თასზე მოწინავეთა რიგებში ჩააყენებს.

ავსტრალიის წინააღმდეგ ქართველებს არ უთამაშიათ, ანუ იაპონიაში მათი პირველი დაპირისპირება შედგება. ავსტრალია მსოფლიო რეიტინგის მე-6 ადგილზეა და მას უმძლავრესი შემადგენლობა ჰყავს, რომელთანაც კონკურენციისთვის დღევანდელი საქართველო წესით მზად არ უნდა იყოს.

„ლელოსის“ გულშემატკივრები პოზიტიურად არიან განწყობილნი, ყველა მოუთმენლად ელის მსოფლიო თასის დაწყებას. და ეს პოზიტივი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც სახელოვანმა ფორვარდმა მამუკა გორგოძემ ნაკრებში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა და თავის მე-4 მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

გუნდში მის ყოფნას უდუდესი მნიშვნელობა აქვს. მამუკა შეაკავშირებს გუნდის ახალგაზრდებსა და ვეტერანებს. მილტონ ჰეიგი ალბათ ბედნიერია, რადგან გორგოძე ის კაცია რომელიც მწვრთნელს ამოცანას გაუადვილებს – მასზე დაყრდნობა შეიძლება, ის შეამცირებს წნეხს რომელიც მსოფლიო თასზე დანარჩენ მორაგბეებს დააწვება.

მამუკა გორგოძეს არაერთი ვარსკვლავი დაუმშვენებს გვერდს: მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, მერაბ შარიქაძე, ასევე უნიჭიერესი ახალგაზრდები: ვასილ ლობჟანიძე, გურამ გოგიჩაშვილი, თედო აბჟანდაძე და ბექა გორგაძე. ეს ხალხი „ლელოსის“ იაპონური წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. გამოცდილება დადებითი მომენტია, ისევე, როგორც სურვილი იმისა, რომ მსოფლიო რაგბის მამებს დაუმტკიცონ, რომ ქვეყანა მეტს იმსახურებს, ვიდრე მას გააჩნია.

რეალურად, ქართველების ამოცანა ურუგვაისა და ფიჯის ძლევაა.

„ლელო, ლელო, საქართველო!“- ესაა ქართველი ფანობის შეძახილი, რომლითაც ის საყვარელ გუნდს ამხნევებს ხოლმე. ეს სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველი მორაგბეებისთვის.

პოზიტიური განწყობა და ქართველთა იაპონელი ფანების მხარდაჭერა გუნდს ყველა პირობას შეუქმნის, რათა მსოფლიო თასზე თავისი მაღალი რენომე დაადასტუროს. მოლოდინი ძალიან დიდია და ამ გუნდმა ოთხივე მატჩში ყველაფერი უნდა დადოს მიზნის მისაღწევად. თუ ქართველები ამას იზამენ, თბილისი ისეთ ყიჟინას დასცემს, რომ „ლელო, ლელო, საქართველო!“ იაპონიამდე მიაღწევს“.

წილი
წინა სტატიარა ღირს ჩემპიონთა ლიგა?
შემდეგი სტატიასტადიონი თუ ტუალეტი?
სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.