„ლივერპულის” წითელი სამყარო აღელდა — იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, ჩემმა კლიენტმა ბრიტანული ამინდის გამო შეიძლება მერსისაიდელებთან კონტრაქტი აღარ გააფორმოსო.

გერმანელი ინგლისურ ქარსა და წვიმას ადრეც უჩიოდა, ოღონდ სპორტული თვალსაზრისით — ამინდის გამო „ლივერპულს” ქულები დააკლდა და ჩემპიონი ვერ გახდაო, მაგრამ ახლა ადამიანისთვის ძნელად გასაძლებ ზამთარსა და კლუბიდან წასვლაზე დაუწყია ლაპარაკი.

„დორტმუნდის” ყოფილ თავკაცს „ლივერპულთან” 2022 წლამდე აქვს ხელშეკრულება და ამბობს, ისევე როგორც ყველა სხვა კლუბში, საკონტრაქტო ვალდებულებას პატივს აქაც ბოლომდე ვცემო.

ამბობენ, რომ „ლივერპული” კლოპს გასამრჯელოს გაზრდას უპირებს, წელიწადში 10 მილიონი გირვანქა უნდა შესთავაზოს, მაგრამ აგერ, გაირკვა, რომ მწვრთნელი თურმე მკაცრი ზამთრის გამო თავს იკავებს.

გერმანელის აგენტმა მარკ კოსიცკემ Spox-თან ინტერვიუში მხატვრულად ლაპარაკი სცადა: „იურგენის კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში და ყველასთვის ცნობილი საიდუმლოა, რომ ის სიამოვნებით დარჩებოდა „ენფილდ როუდზე”. დრო ჯერ გვაქვს. ვნახოთ, კლიმატის ცვლილება სად მოიყვანს კარგ ამინდს ინგლისში თუ გერმანიაში”.

ცნობილია, რომ როდესაც გერმანიაში მუშაობდა კლოპი ზამთრის ორკვირიანი არდადეგებით სარგებლობდა და დასასვენებლად თბილ ქვეყნებში მიემგზავრებოდა, მაგრამ ინგლისური კალენდრის ამბავი მოგეხსენებათ. რაც ლივერპულში გადავიდა 52 წლის მწვრთნელი ზამთარში ვერ გამთბარა.

კოსიცკე: „იურგენს უამინდობა აღიზიანებს და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. მახსოვს, ნოემბერი იყო თუ დეკემბერი, როდესაც „ლივერპულმა” პირველად მთხოვა კონტრაქტის გახანგრძლივება, მე კი ვუთხარი, ჯერ დავიცადოთ, მეთქი. ულა (კლოპის მეუღლე) და იურგენი დილით რომ იღვიძებენ ჯერ კიდევ ბნელა. საღამოობით, როდესაც ისინი ერთმანეთს კვლავ ხვდებიან, ისევ ბნელა. დღისით კი ნისლია და წვიმს.

გერმანიაში, ზამთრის არდადეგების დროს, როდესაც ამინდი მართლა ცუდია, კლუბები ორკვირიან არდადეგებს აწყობენ, შემდეგ კი ბრუნდებიან და რამდენიმე დღით მზიან ადგილებში მიემგზავრებიან შეკრებაზე. იმავე პერიოდში ინგლისელი მწვრთნელები ხანდახან 13 თამაშისთვის ამზადებენ გუნდებს. ეს ხალხი ქანცგაწყვეტილია”.