ლაშა ტაბიძეს „სტად ფრანსესთან“ საუცხოო თამაში ფრანგმა ჟურნალისტებმაც დაუფასეს და „ბორდოს“ 22 წლის მარჯვენა ბურჯი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა „ბორდოსა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩის 21-ე წუთზე ულამაზესი ლელო გაიტანა და თავის გუნდს მეტოქის განადგურებაში (52:3) დაეხმარა. პოპულარულმა გამოცემა „რაგბირამამ“ და „ევროსპორტმა“ ორშაბათს გამოაქვეყნეს ტოპ 14-ის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესოდენ ავტორიტერულმა წყაროებმა იმედისმომცემ ქართველს გარჯა დაუფასეს.
ტოპ 14-ის მე-4 ტურის სიმბოლური ნაკრები:
1. ფლორიან ფრეზია (ტულონი), 2. ლუკა რეი (პო), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო), 4. ფელიქს ლამბეი (ლიონი), 5. ალექსანდრ ფლანკარი (ბორდო), 6. ანტუან ბატიუ (ბაიონი), 7. ვენსან ფარე (აჟენი), 8. ჯოვანი ჰაბელ-კუფნერი (პო), 9. მაქსიმ ლუკუ (ბორდო), 10. კოლინ სლეიდი (პო), 11. არტურ რეტიერი (ლა როშელი), 12. ჟულიენ ერიტო (ტულონი), 13. ჩარლი ნგატაი (ლიონი), 14. არტურ დუო (ბაიონი), 15. ვენსან რატე (ლა როშელი).