საქართველოს ნაკრების ღვინისფერი კვართის გახდამ და მის ნაცვლად ასევე ღვინისფერი, ოღონდ ბორდოული ღვინის ფერის კვართის მორგებამ ახალგაზრდა ბორჯღალოსანს ვერაფერი დააკლო.

ბოლოლოსწინა შეკრებაზე მილტონ ჰეიგის მიერ დაწუნებულმა ლაშა ტაბიძემ თავის კლუბში გააგრძელა თამაში და თანდათან უკვე „ბორდოს“ მწვრთნელის გული მოიგო. თუკი კრისტოფ ურიოსი 22 წლის ქართველ ბურჯს მანამდე მხოლოდ მარქაფიდან ათამაშებდა, ტოპ 14-ის მე-4 ტურში მან სასტარტო მარჯვენა ბურჯად სწორედ ლაშა დააყენა. ალბათ არც ინანა, რადგან ჯერ ერთი, რომ მისმა გუნდმა „სტად ფრანსე“ სასტიკად დაამცირა – 52:3, მეორე კი ისაა, რომ ტაბიძემ ნდობა გაამართლა და არაჩვეულებრივი ლელოც მიითვალა.

თამაშის 21-ე წუთზე „ბორდო“ პარიზულ კლუბს 17:3 უგებდა, როცა ხსენებული ლელო გავიდა. ბორდოელმა უკანახაზელმა მეტოქის აბრაგანის მერე ბურთი დაისაკუთრა და უსწრაფესი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც ცენტრში რამდენიმე გადაცემით განვითარდა და საინტერესო სწორედ ის იყო, რომ ამ მრავალსვლიან და ულამაზეს ბურთაობას ბურჯი აჰყვა, რომელიც ლელოში ბურთიანად კარგი ფიჯელივით შეფრინდა. ეს ლაშა ტაბიძე იყო, რომელმაც თავის ფრანგულ კარიერაში პირველად გამოიჩინა თავი. სტადიონი ლამის დაინგრა, იმდენად ლამაზი გამოვიდა ბორდოული ლელო, ხოლო ფრანგულ პრესაში ეს შედევრი შეადარეს სახელოვანი  ამერიკული საკალათბურთო შოუს – „ჰარლემ გლობტროტერსის“ მიერ დადგმულ სპექტაკლს.

მთლიანობაშიც ტაბიძემ საუცხოოდ ითამაშა, თუმცა 50-ე წუთზე ლაშა და მისი პარიზელი ოპონენტი კანტენ ბეტიუნი წესების მორიგი დარღვევისთვის გაასინბინეს. ქართველი ბურჯი მინდორზე აღარც დააბრუნეს, ხოლო როცა მის სინბინს დრო გაუვიდა, ტაბიძის ნაცვლად შეიყვანეს ლექსო ყაულაშვილი, რომელიც კისრის უმძიმესი ტრავმის შემდეგ მწყობრში ახლაღა ჩადგა. და ჰოი საოცრებავ, თამაშში ჩართვიდან არასრულ 4 წუთში ლელო მანაც გაიტანა! 27 წლის მორაგბის კარიერაში ეს იყო მე-5 ლელო, თუმცა წინა 4 მან „ლა როშელის“ შემადგენლობაში გაიტანა.

მოკლედ, „ბორდომ“ 7 უპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ „ლიონს“ ლიდერობა მაინც ვერ აართვა. ბორდოელების არ იყოს, ლიონელებმაც მე-4 გამარჯვება იზეიმეს 4 ტურში, ოღონდაც თავის მთავარ კონკურენტთან შედარებით ლელოების უკეთესი სხვაობა აქვთ. „ლიონმა“ ასევე ყველა გააოცა, როცა ლიგაში დაბრუნებული „ბრივი“ 59:3 გააცამტვერა და ტოპ 14-ის ყველაზე მრავალქართველიან გუნდს 9(!) ლელო დაუდო. ჩვენებურთაგან „ბრივში“ მხოლოდ სოსო ბეკოშვილმა და ასევე ჰეიგის რაზმიდან გარიცხულმა კარლენ ასიეშვილმა ითამაშეს, თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ჩვენმა ბურჯებმა დასკვნითი ნახევარი საათი გაატარეს მინდორზე და ამ პერიოდში „ლიონმა“ მხოლოდ 2 ლელოს გატანა მოახერხა.