საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში, სადაც არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ორი უმაღლესი სინჯის მედალი ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ლაშა გობაძის (82 კგ) ანგარიშზეა.

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი წურწუმია შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. მან აშკარა უპირატესობით – 9:0 მოუგო ჩინელ ლიგუო საოს, შემდეგ- რუს ვიტალი კაბალოევს – 8:3, ნახევარფინალში 8:0 სძლია იაპონელ შოთა ოგავას, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მასპინძელი ხორლან ჟაკამშა ასევე აშკარა უპირატესობით – 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ფინალამდე ეფექტური გდებებით გაიკვალა გზა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა გობაძემ.

მომავალი ტრიუმფატორი შეჯიბრებაში ასევე მერვედფინალიდან ჩაება. 7:0 მოუგო ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს, შემდეგ – ჩინელ ჰაიტაო სიანს – 9:0, ნახევარფინალში კი უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს – 3:1.ფინალში გობაძემ აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბოლოს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დავით ბედინაძე (60 კგ.) და რამაზ ნოზაძე (96 კგ.), ეს კი 12 წლის წინ – 2007 წლის ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა.

საქართველოს ნაკრები ნურსულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ათივე – 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97, 130 წონით კატეგორიაში გამოდის. ორმაგი დატვირთვა აქვს 60, 67, 77, 87, 97, 130 კგ წონებს, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები თამაშდება. ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია თითოეულ წონაში ექვს საუკეთესოს შორის მოხვედრა.

97 კგ წონაში მოასპარეზე გიორგი მელიამ, რომელიც 16 სექტემბერს ბრინჯაოს მედლისთ ვის იჭიდავებს, უკვე გაინაღდა ტოკიოს საგზური.

წილი
წინა სტატიატოკიო ხმებში
შემდეგი სტატიაქართველი ბურჯი – ტურის სიმბოლურში
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.