თითქოს ბევრი არაფერია სათქმელი, მაგრამ… გუშინ, ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში „მონპელიემ“ „ვარდარს“ უმასპინძლა. „ვარდარი“ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „მონპელიე“ — წინა. ფეხბურთზე რომ გადავიყვანოთ, „რეალი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა და ამ რანგის შეხვედრის განაცხადში „მონპელიეს“ 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე ჰყავდა შეყვანილი.
„ვარდართან“ გიოს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაც ლოგიკური გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ „მონპელიეს“ მწვრთნელი პატრის კანაიე ყმაწვილკაცს ძირითადში ადგილს ვერ ანდობდა, თუმცა ის რომ ქართველი ასეთი თამაშის ოხშივარში იხარშებოდა, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიმეორებთ, „მონპელიე“ – „ვარდარი“ საფეხბურთო „რეალი“-„ლივერპულის“ ანალოგი იყო და წარმოიდგინეთ, „რეალ“-„ლივერპულში“, „რეალის“ თადარიგში 18 წლის ქართველი რომ მჯდარიყო…
თავად განსაჯეთ, რამდენი 18 წლის ხელბურთელია საფრანგეთში, მაგრამ „მონპელიე“ დიდ ასპარეზზე თამაშს გიო ცხოვრებაძეს აჩვევს…
შეხვედრა დამთავრდა „ვარდარის“ სასარგებლოდ 33:31.