ვისაც არ უნდა მოეგო ფინალი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდებოდა. არგენტინა თუ შორეულ 1950 მოპოვებული ოქროთი იწონებდა თავს, ესპანეთს აგერ, 2006 წელს ჰქონდა ნაგემი ტრიუმფი.
მარკ გაზოლი ძმასთან NBA-ს ჩემპიონობაში 1:2 კი აგებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობაში აქეთ მოუგო 2:1.
სამი მეოთხედის შემდეგ ესპანეთი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო (23:14, 20:17, 23:16). არ ჰგავდა არგენტინა 19 ქულის 10 წუთში ამომღებ გუნდს.
კი გაიბრძოლეს (28:29), მაგრამ დასკვნითი მეოთხედიც, მატჩიც და ტრიუმფიც ესპანეთს ერგო.
არგენტინელი გაბრიელ დეკის 24-მა და ნიკოლას ლაპროვიტოლას 17-მა ქულამ ოკეანისგაღმელებს ვერაფერი არგო, ჩრდილში დარჩა მათი ლიდერი ლუის სკოლაც.
ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. ნირწამხდარმა საფრანგეთმა და ავსტრალიამ ბრინჯაოსთვის ბოლომდე იომეს. ფრანგებმა ტაიმი 9 ქულით დათმეს, თუმცა ჯამში დამსახურებულადაც მოიგეს 67:59 (11:16, 10:14, 21:16, 25:13).
ფრანგებს ისევ დე კოლომ (19) და ფურნიემ (16) ულიდერეს. ბრინჯაო კარგია, მაგრამ დე კოლოს დავესესხებით: „თუ ნახევარფინალს დავთმობთ, სამშობლოში თავდაღუნულები დავბრუნდებით“.