ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამებრ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია.

ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ. ხშირად ჩვენს „დინამოს“ ეს ხელს უშლიდა ევროპულ წინსვლაში, მაგრამ სანახაობა მართლაც დაუვიწყარი იყო ხოლმე.

თვრამეტი წელი გასულა მას შემდეგ, რაც წვიმიან საღამოს „ლივერპული“ დავამარცხეთ ამ საყვარელ მინდორზე და ისევე როგორც თქვენ, მეც მახსოვს წვიმიანი ქალაქის მოზეიმე ქუჩა, ხალხით გაჭედილი ტრიბუნები და ამაყი სვლა ათიათასობით გაწუწული ადამიანისა. ეს იყო ჩვენი სტადიონის უდიადესი საღამო, ასეთი საერთაშორისო გამაჯვება არ ახსოვს ჩვენს მინდორს.

ჩვენ განებივრებულნი ვიყავით საუცხოო საერთაშორისო ფეხბურთით და კვლავ განებივრებულნი ვართ – ოთხიოდ დღეში იტალიელებს ვნახავთ ჩვენს მინდორზე.

ყველანი ვხვდებით, რომ ამ ჩვენს სტუმრებს სამი ქულის ჯიბეში ჩადება უნდათ. ყველანი ვხვდებით, რომ მათ ეს ხელეწიფებათ. დაცვა მათი მოგონილია და ათას მინდორზე განარბენი „ფანტაზისტებიც“ მათ ჰყავთ. იტალიის ნაკრებში იმდენი ვარსკვლავია, რამდენი ორდენიც ბრეჟნევს არა ჰქონდა.

მაგრამ მოდით, ამ ერთხელ, ჩვენ, ყველანი ერთად, შევიკრათ – ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადმინისტრატორები, მინისტრები, მოსწავლეები, ქურდები, დიასახლისები და რა თქმა უნდა, ქომაგები. შევიკრათ, ას წელიწადში ერთხელ მაინც!

შევიკრათ! შევიკრათ! დავივიწყოთ ყველაფერი – რაც ერთმანეთში უსიამოვნო მოგვსვლია. შევიკრათ ერთ საღამოს – საათნახევრით! ვითამაშოთ და ვიყვიროთ, შევიკრათ და არ გავაკეთებინოთ იტალიელებს ის, რისთვისაც აქ მოდიან, არ გავაკეთებინოთ! ერთხელ მაინც არ გავაკეთებინოთ სხვას ჩვენი საზიანო საქმე.

ჩვენ – ვიყვიროთ, იოგები დავიწყვიტოთ, ჯიგრიანად ვაფრიალოთ დროშები. ბიჭებმა ითამაშონ. ყურები არ ჩამოვყაროთ, როცა გოლს გავუშვებთ – ჩვენ ათმაგად შემოვცხოთ დოლებს, ბიჭებმა – თავი დადონ. პირველიდან ბოლო წუთამდე – ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ერთიანი ჯიგრით, ერთი სულით, ერთი ფიქრით.

და გამოვა. გამოსულა სხვა ქვეყნებში. გამოსულა ხოლმე და ეს ძალიან ლამაზია.

გამოვა. ერთხელ უნდა გამოვიდეს. ერთხელ უნდა ვიყვიროთ და თუ მთელი ამ ამბის შემდეგ მაინც არ გამოვიდა, არ ვთქვათ „წააგეს“, ვთქვათ – „წავაგეთ“ და ეს ჩვენთვის კარგი იქნება.

ჩვენ ნელნელა მივეჩვევაით მინდვრისა და ტრიბუნის ერთობას. აუცილებალდ დაკრძალვაზე უნდა მოვხვდეთ, ერთსულოვნები რომ ვიყოთ?

მოდით – შევიკრათ და ხელი არ ჩავიქნიოთ.

„სკუადრა აძურა“ – უკეთესი გამოცდა ჩვენი თუნდაც საათნახევრიანი ერთობისა, ძნელი საპოვნია.

6.09.1997

წილი
წინა სტატიამგლების ბუნაგში
შემდეგი სტატიასკოლა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.