ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩინეთში მიმდინარე ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი თვალსასეირო და მოლოდინისამებრ საინტერესო დაპირისპირებებით დახუნძლული გამოდგა.

იყო სენსაციებიც, რომელთაგან, მართალია კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე მოთამაშე, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების უმედლოდ დარჩენა უნდა გამოვყოთ. მოულოდნელობა იყო საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვედრა და იგივე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის,  ჩეხეთის გუნდის მეოთხედფინალში გასვლა. სპეციალისტები საპრიზო სამეულს უწინასწარმეტყველებდნენ სერბეთის ნაკრებს, მაგრამ ეს კალათბურთია და ბურთი აქაც მრგვალია.

ლუის სკოლა ჩინეთში შეუჩერებელია

მთავარი სიურპრიზი კი ალბათ, მაინც, არგენტინის ნაკრების ფინალისტობაა, რომელმაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, ორი ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ გადალახა, ხოლო ფლეი ოფში ერთი-მეორეს მიყოლებით სერბეთი და საფრანგეთი დაიფრინა. სამხრეთ ამერიკელთა მთავარი გამწევი ძალა კი 39 წლის ლუის სკოლა გამოდგა.

ვეტერანი არგენტინელი, რა თქმა უნდა, შეეცდება თავი ფინალშიც გამოიჩინოს და ესპანეთის ნაკრებს პრობლემები შეუქმნას, მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს პეკინში გასამართი მატჩი, სკოლას მიღწევები ხელშეუხებელი დარჩება.

ლუის სკოლა მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშების რაოდენობის რეკორდს გაიმეორებს. ესპანეთთან მატჩი მისთვის საკალათბურთო მონდიალებზე 41-ე იქნება და ამით ბრაზილიელ ბირა მასიალს გაუთანაბრდება, რომელიც წინა საუკუნის სამოციან წლებში თამაშობდა.

გარდა ამისა, ლუის სკოლა ჩინეთში უკვე გამოირჩა სხვადასხვა მიღწევებით. ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, ხოლო ფლეიოფებში ჩაგდებული ქულების რაოდენობით ბომბარდირთა სიას სათავეში მოექცა.

15 სექტემბერს ფინალია. არგენტინა – ესპანეთი? ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი არსებობის მანძილზე მეორედ გაჩემპიონდება. სამხრეთ ამერიკელები, მსოფლიო ჩემპიონები შორეულ 1950 წელს გახდნენ, როდესაც ტურნირის მასპინძლები იყვნენ და სხვათა შორის, ფინალში აშშ-ს აჯობეს. ესპანელებმა კი პლანეტის საუკეთესო გუნდის წოდება, 2006 წელს იაპონიაში გამართულ მონდიალზე საბერძნეთის ძლევით  მოიპოვეს.