პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ ახალ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავსტრალია 2-დან 13 იანვრამდე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის ჩვენი პირველმეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან.
ტურნირში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლა კი დამატებით დატვირთვას მისცემს თითოეულ შეხვედრას.
ტურნირს ATP Cup ჰქვია და უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ორგანიზატორებმა საპრიზოდ 22 მილიონი დოლარი დათქვეს. მონაწილეებს არც სარეიტინგო ქულებით გაანაწყენებენ და გამარჯვებული ოდნავ უფრო ნაკლებს მიიღებს, ვიდრე „მასტერსზე“ წარმატებისთვის.
სანახაობა აშკარად დიდებული გამოვა. საკმარისია ითქვას, რომ ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადა ტოპ-ხუთეულის ყველა წევრმა: ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა, როჯერ ფედერერმა, დანილ მედვედევმა და დომენიკ ტიმმა.
ასეთ კამპანიაში მოხვედრაც კი უკვე დიდი პატივია.