ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ პრემიერლიგის ელიტაში დამკვიდრება იოლი აღარ არის.

დღეს „ლურჯები” საქართველოს დროით 18 საათზე სტუმრად თამაშობენ „ვულვერჰემპტონთან”. დასავლეთ ლონდონელებს, რომლებიც გასულ სეზონში მესამეზე იყვნენ, მიმდინარე ჩემპიონატში ალბათ კონკურენტები გამოუჩნდება. ზაფხულში, ახალი ფეხბურთელების შეძენაში ფული არ დაიშურეს „მგლებმა” („ვულვერჰემპტონის” მეტსახელია), „ლესტერმა”, „ევერტონმა” და ვესტ ჰემმა”.

ლემპარდმა თქვა: „იყო დრო, როდესაც სეზონის დასაწყისშივე იცოდი, რომ ოთხეულში მოხვდებოდი. ახლა ასე აღარ არის. ამიერიდან, ექვსეულში ადგილის დამკვიდრებას დიდი ბრძოლა სჭირდება, რადგან გამოჩნდნენ კლუბები, რომელთაც დიდი ფული გაიღეს და მათ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამ კლუბებს კარგი მწვრთნელები და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ვართ.

ყველაფერი ჩვენ თვალწინ იცვლება. კარგად მახსოვს, შარშანაც ასე ლაპარაკობდნენ, ექვსეულში შესასვლელად „ევერტონი”, „ლესტერი” და „ვულვზი”  იბრძოლებენო. („ვულვზი” მეშვიდეზე გავიდა, „ევერტონი” მერვეზე, ხოლო „ლესტერი მეცხრეზე”)

რაც შეგვეხება ჩვენ, ყოველთვის უმაღლესი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ — „ჩელსიდან” ედენ აზარი და ორი ცხრა ნომერი წავიდნენ. მათ ნაცვლად მოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც დრო სჭირდებათ. ამის მიუხედავად გვინდა, რომ ახლავე საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ . ერთი სიტყვით, ჩვენ ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენ გარშემო არიან ამბიციური კლუბები, რომელთაც, როგორც გითხარით, სატრანსფერო პერიოდში დიდი ფული დახარჯეს”.

ბოლო ტურში „ჩელსი” „შეფილდ იუნაიტედს” 2:0-ს უგებდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა. ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა ესპანელი მცველი სესარ ასპილიკუეტა.

ლემპარდი: „მე ასპილიკუეტას კარგად ვიცნობ, მასთან ერთად მითამაშია და ზუსტად ვიცი, რომ ის მებრძოლი, თავდადებული ადამიანია. კაპიტნის სამკლავური სწორედ პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოკიდებულების გამო ვანდეთ. ის ძლიერი მოთამაშე და პიროვნებაა. მასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ.

იცით, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბევრი ჩემზე ნიჭიერი ფეხბურთელი მინახავს, რომელიც ხალხის ყბაში ჩავარდნილა. ფანებს ნებისმიერი მიზეზით უნდოდათ მათზე ლაპარაკი. ამის გაძლება ყველას არ შეუძლია. ასპი ასეთ პრობლემებს იოლად ძლევს”.