„ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ალბერტ სელადესი

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ „ვალენსიამ” მარსელინიო გარსია ტორალი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა და მისი საქმე ალბერტ სელადესს ჩააბარა. სელადესმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

43 წლის სელადესისთვის, რომელიც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს, მათ შორის 21-წლამდელებს ედგა სათავეში, „ვალენსიას” თავკაცობა პირველი დიდი პოსტია. საკლუბო ფეხბურთში მისი ყველაზე დიდი გამოცდილება ხულენ ლოპეტეგის დროს „რეალში” ასისტენტობა გახლდათ.

ახლა კი მარსელინიოს სამსახურიდან გაშვების შესახებ: „ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი და კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი კლუბის სინგაპურელ მეპატრონეს პიტერ ლიმსა და პრეზიდენტ ანილ მურთის დაუპირისპირდნენ. მიზეზი ის იყო, რომ გასულ სეზონში „ღამურებმა” ესპანეთის სამეფო თასი მოიგეს და ახალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს, რის შემდეგაც მწვრთნელმა და დირექტორმა ფეხბურთელების შერჩევაში მეტი თავისუფლება მოითხოვეს. უფრო კონკრეტულად კი მათ რაფინიას და დენის სუარესის ყიდვა ნდომებიათ.

ზაფხულის დასაწყისში დენის სუარესმა საჯაროდ თქვა, მარსელინიო საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავიაო.

მწვრთნელს სწამდა, რომ „სელტას” ეს ორი ფეხბურთელი (თუმცა რაფინია იურიდიულად „ბარსელონას” ეკუთვნის) მისი კლუბისთვის იდეალური შევსება იქნებოდა და ძვირიც არ დაჯდებოდა. ლიმმა კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მას განსაკუთრებით რაფინიაში არ სურდა ფულის გადახდა, ხშირად ტრავმიანობსო.

იყო კიდევ ერთი მიზეზი: მწვრთნელს ფერან ტორესის და კანგ-ინ ლის იჯარით გაშვება უნდოდა, ლიმი კი ამბობდა, სჯობს ეს ორი ათამაშოს და მათი კონკურენტების ყიდვაში ფული არ გადამაყრევინოსო.

მოკლედ კი შეიძლება ითქვას, რომ სინგაპურელ მეპატრონეს ტრანსფერების კონტროლი უნდოდა.