სანაკრებო კვირეული დასრულდა. ახლა საკლუბო ორომტრიალი გაგრძელდება. „რეალს”, რომელიც სეზონის დასაწყისში ვერ ქუხდა, უახლოეს კვირებში ორ-ორი თამაში ელის.

კერძოდ, მადრიდელებს მომდევნო 22 დღეში შვიდი შეხვედრა უწევთ — ხუთი ლა ლიგაში და ორი ჩემპიონთა ლიგაში. ამ პერიოდში გაიმართება გამორჩეული მატჩები „პარი სენ ჟერმენთან”, „სევილიასთან” და მადრიდული დერბი „ატლეტიკოს” წინააღმდეგ.

ეს საგამოცდო პერიოდი შაბათს, 14 სექტემბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „ლევანტესთან” მატჩით დაიწყება. შარშან, პაკო ლოპესის გუნდმა „რეალს” მოუგო და ფაქტობრივად განაპირობა მისი მაშინდელი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სამსახურიდან დათხოვნა. ოთხი დღის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება იწყება და „რეალს” პირველ მეტოქედ არც მეტი არც ნაკლები „პარი სენ ჟერმენი” ჰყავს.

მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ მადრიდელთა და პარიზელთა შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ სერხიო რამოსი და ნეიმარი, ხოლო კილიან მბაპე და ედინსონ კავანი ტრავმირებულები არიან და ვინძლო მათაც ვერ შეძლონ მონაწილეობა.

ზემოთ ხულენ ლოპეტეგი ვახსენეთ. ვახსენეთ ისიც, რომ „რეალს” „სევილიასთან” უწევს შეხვედრა. „სევილიას” მწვრთნელი კი სწორედ ლოპეტეგია.

ლოპეტეგი თავის ყოფილ გუნდს 22 სექტემბერს პირველად დაუპირისპირდება. გასულ სეზონში „რამონ სანჩეს პისხუანზე”, როდესაც ლოპეტეგი ჯერ კიდევ მადრიდელებს ედგა სათავეში, „სევილიამ” თავის მომავალ მწვრთნელს 3:0 მოუგო. მაშინ „თეთრებს” საშინელი პერიოდი ედგათ — ზედიზედ ხუთ თამაშში ვერ მოიგეს და 481 წუთის განმავლობაში გოლიც ვერ გაიტანეს.

მადრიდული დერბი „რეალსა” და „ატლეტიკოს” შორის 28 სექტემბერს „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება, თუმცა მანამდე ზინედინ ზიდანის გუნდი „ოსასუნას” მასპინძლობს.

დღეისათვის, სამი ტურის შემდეგ, „ატლეტიკო” ლა ლიგის ლიდერია და „რეალს” 4 ქულით უსწრებს.

მადრიდული დერბის შემდეგ ოქტომბერიც დადგება და მორიგ სანაკრებო წყვეტამდე „რეალი” ორ თამაშს გამართავს — ჯერ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგეს” უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ ლა ლიგაში „გრანადას”.

სავარაუდოდ, ამ პერიოდში ზიდანელთა ნამდვილი სახეც კარგად უნდა გამოჩნდეს.