ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია.
მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 აგვისტოს დაშავდა. ეს გახლდათ პირველივე დღე შვებულების შემდეგ. თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ საქმე უმნიშვნელო ტრავმასთან ჰქონდათ, რასაც მალე მოევლებოდა, მაგრამ დღე დღეს მოსდევდა, მესის კი ნატკენი ადგილი ხეირიანად ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა. მაშინღა იფიქრეს მედიკოსებმა, რომ ვარსკვლავის ჯანმრთელობის უფრო სერიოზული გამოკვლევა იყო საჭირო.
გასული კვირის განმავლობაში, როდესაც „ბარსას” ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში იყვნენ გამოძახებული, მესი ჯანმრთელობის აღდგენასა და „ვალენსიასთან” თამაშისთვის მომზადებას ცდილობდა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ვერ ესწრება. ახლა ლაპარაკობენ, რომ არგენტინელი შეიძლება „დორტმუნდის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაში ვიხილოთ, მაგრამ თუ ესეც არ გამოვიდა, მაშინ ლა ლიგის შემდეგი თამაში 21 სექტემბერს უწევს.
ბარსელონელთაგან მყესის ტკივილი მხოლოდ მესის კი არა ლუის სუარესსაც უშლის ხელს. ურუგვაელი ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში სწორედ ამ მიზეზით გახდა შესაცვლელი. ახლა ამბობენ, რომ ის გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა, თუმცა ისევე როგორც ლეოს შემთხვევაში აჩქარება არც აქ ივარგებს. ამიტომ, ითამაშებს თუ არა სუარესი „ვალენსიას” წინააღმდეგ, ჯერ ცნობილი არ არის.