ზუსტად 9 წელი ელოდა იტალია ამ დღეს. ფორმულა 1-ის აკვან მარანელოში, მონცას ავტოდრომზე „ფერარიმ“ ბოლოს 2010 წელს იპირველა, როცა წითელი ბოლიდის საჭესთან ლეგენდარული ფერნანდო ალონსო იჯდა.შარშან მიკა რაიკონენმა მხოლოდ პოულის მოგება შეძლო, წელს სებასტიან ფეტელმა რბოლა აშკარად ჩააგდო და… აგერ, ავანსცენაზე გუნდის ნომინალურად მეორე პილოტი შარლ ლეკლერი გამოვიდა. ფრანგმა ჯერ პოული მოიგო და პირველი პოზიციიდან აიღო სტარტი, მერე კი ჯარიმის ზღვარზე იგერიებდა ორი „მერსედესის“ ჯოჯოხეთურ შეტევებს.
ივარგა „ფერარის“ საჯინიბომაც და თუ გერმანელებმა ლუის ჰემილტონის ბოლიდზე საბურავების შეცვლას 2.6 წამი მოანდომეს, სკუდერიამ ლეკლერი ტრასაზე 2.3 წამში გაუშვა.
ლეკლერმა ბოლომდე გაძლო და დღეს იტალიელთა კერპია. ამას გარდა, მან საერთო ჩათვლაში თანაგუნდელ ფეტელს გაასწრო და მესამეობის შანსი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი გრან-პრის მომგებმა ლეკლერმა, შესაძლოა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფეტელი გუნდში
მეორეობამდე დააქვეითოს… ეს მერე…
მანამდე კი იტალია „ფერარის“ კვარცხლბეკზე დაბრუნებას ზეიმობს.


![ზურიკოს დუბლით სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Zuriko-davitashvili-1-218x150.jpg)
![წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Tsitaishvili.jpg)

