ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა.
რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები.
ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის იყო. მედვედევი ჩვეულად, სიღრმიდან სტაბილურად უბრახუნებდა და მეტოქის შეცდომებს ელოდა, რაფას არსენალი კი ბევრად უფრო ფართოა. მკვლელი „ფორჰენდის“ გარდა ესპანელი ხშირად მოჭრილ დარტყმებს იყენებდა. აყლაყუდა რუსს დაბალ ბურთზე დახრა უწევდა, რაც ფეხებზე დატვირთვას ზრდიდა და რიტმიდანაც აგდებდა. თამაშში გარდატეხა მესამე სეტში მოხდა, როცა რაფამ 3:2-ზე საკუთარი შეცდომებით ბრეიკი აჩუქა მეტოქეს. რუსმა საჩუქარი შეირგო, საკუთარი თამაში დაიჭირა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მოგეხსენებათ, ნადალს ფეხების ქრონიკული ტრავმა აწუხებს. მეხუთე სეტში აშკარად ჩანდა, რომ მოძრაობა უჭირდა და გამოცდილებითღა ომობდა. ნადალი რის ნადალია, უბრძოლველად მისხალი დათმოს.
7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 და ესპანელი აშშ-ის ღია პირველობის ოთხგზის გამარჯვებულია.
სულ მის კოლექციაში 19 სლემტიტული დაგროვდა და როჯერ ფედერერის რეკორდამდე ერთიც სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ნადალი ფედერერზე 4 წლით უმცროსია, რეკორდის დასამხობად დრო საკმარისზე მეტი აქვს.