ჟურნალისტში ისევ ქომაგის ემოცია დუღს და ამ გადმოსახედიდან კი ყველაფერი ოდნავ სხვაგვარად მოჩანს.
დანიის კალიბრის ნაკრებთან ფრე თუნდაც საკუთარ მოედანზე, სრულიად მისაღები შედეგია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მეტოქისთვის სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
არც ჩვენი ფეხბურთელების ბრძოლის ჟინს დაეწუნებოდა რამე და თითქოს არაფრისმომცემ თამაშში წვივებს არავინ მოფრთხილებია. მისაღებმა (და არა დადებითმა) შედეგმა ჩვენი გუნდის გარკვეული მინუსები გადაფარა და ცუდი იქნება, თუ გაცილებით მნიშვნელოვან მომენტში იჩენს თავს.
ოთხი შემტევის პირობებში კარის ჩარჩოში პირველად 94-ე წუთზე რომ დაარტყამ, რა თქმა უნდა, მინუსია, მაგრამ არა ინდივიდუალური, არამედ ტაქტიკური. ასევე გაუმართლებელი გვეჩვენა ორი ნახევარმცველით თამაში, როცა მოედნის ცენტრში ქართველი ფიზიკურად ვერ იძებნებოდა და შეტევის დაწყების ერთადერთი შანსი შორიდან დაკიდებული ბურთი ან ფლანგზე გაქცევა იყო.
ჩვენებს რომ აქვთ, იმ ტექნიკური არსენალით იგივე დანიაც ვერ დაიკვეხნის და ეგებ გაგორებული ბურთითაც გვეცადა. შენიშვნები შენიშვნებად – ყველას ჩვენი ვალდებულება გვაკისრია და მიზანი კი ერთი გვაქვს – გაზაფხულისთვის ბოძებული შანსი ბოლომდე შევირგოთ.