„მარიფილდზე“ სარაგბო საღამო ძალიან მოულოდნელი ფაქტით დაიწყო, ასევე მოულოდნელად გაგრძელდა და მოულოდნელადვე დასრულდა.

ჯერ იყო და, ჰიმნის შესასრულებლად გამზადებული ბორჯღალოსნები სახტად დატოვეს, როცა „თავისუფლების“ ნაცვლად ძველი, 2004 წლამდე მოქმედი ჰიმნი ჩაურთეს …

მეორე მოულოდნელობა ქართველთა მედგარი წინააღმდეგობა იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენი ბიჭები მეტოქეს თუ არ ჯობდნენ, არც არაფერში ჩამოუვარდებოდნენ. პრინციპში, ეს ტაიმის ანგარიშიდანაც ჩანს – 10:9 შოტლანდიელთა სასარგებლოდ. ანგარიში მე-16 წუთამდე არ გახსნილა. უნდა ითქვას, რომ ამ დროში მხარეებს ამის დიდი შანსი არც ჰქონიათ, ხოლო ქართველთა პირველივე დაცვით შეცდომას ალან პრაისის ლელო მოჰყვა, რომელიც ვერ გარდაისახა. საპირისპირო შეტევისას კი „ნარშავები“ დაჯარიმდნენ და თედო აბჟანდაძემ კარგი დაშორებიდან, ასე 40 მეტრიდან ბურთი ძელებშუა გააძვრინა – 5:3. ამას მალევე ბლერ კინგჰორნის ლელო მოჰყვა, რომელიც ასევე გარდაუსახავი დარჩა.

შემდეგ კი ინიციატივას ქართველები დაეუფლნენ, რაც თედოს მიერ ორი ზუსტი საჯარიმო გასროლით გამოიხატა. მოულოდნელობა ისიც იყო, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით, ქართული შერკინება შოტლანდიურზე ვეღარ დომინირებდა და ჩვენმა ბიჭებმა მხოლოდ ერთხელ დაარღვევინეს წესი მასპინძლებს. 34-ე წუთზე კი ფრანგმა რეფერიმ ჩვენი კაპიტანი მიშა ნარიაშვილი და სქოთთა მარჯვენა ბურჯი ზანდერ ფაგერსონი წესების დარღვევის რეციდივისთვის მოედნიდან 10 წუთით მიაბრძანა.

ტაიმი ასე, იმედიანად დასრულდა. თუმცა, შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი ალბათ თავის ადგილებზე დადგა — ჩვენ ხომ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ადგილზე მყოფ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელიც ფრნგებს, ფიჯელებს, იაპონელებსა და არგენტინელებსაც კი უსწრებს. ბორჯღალოსნების აქამდე თითქმის შეუცდომელი დაცვა ბანქოს სახლივით დაიშალა და დასკვნით ოც წუთში პუბლიკამ შოტლანდიელების ნავარდი იხილა — 4 უპასუხო ლელო და მათ შორის სამი გარდასახული, და საბოლოო შედეგიც სავსებით ლოგიკურია — 36:9.

რასაკვირველია, ეს მარცხიც გადასატანი იქნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ რა გაეწყობა, ასეთი გამოცდილების მიღების გარეშე განვითარება და წინსვლაც წარმოუდგენელია.

ჩვენდა სანუგეშოდ იმასღა დავძენთ რომ პარასკევს გამართულ ორ სხვა ტესტშიც ფავორიტებმა გამანადგურებელი მარცხი აგემეს თავიანთ მეტოქეებს. იაპონელებმა კუმაგაიას სარაგბო სტადიონზე სამხრეთ აფრიკას უმასპინძლეს, 1 ლელოს წილ 6 მიიღეს და 7:41 განადგურდნენ, ხოლო ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ ინგლისმა იტალიას დიდი სირცხვილი აჭამა — 37:0 !

თუმცა, ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ. 8 სექტემბერს ჩვენი დელეგაცია ლონდონიდან მამუკა გორგოძითურთ იაპონიაში გაემგზავრება და დარჩენილ ორ კვირაში ხარვეზების გამოსწორებას უკვე ადგილზე ეცდება. 23-ში ხომ ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს მე-2 გუნდი და 6 ერის მოქმედი გამარჯვებული უელსი დაუხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში

სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე.