ის, დიდი სლემის საუკეთესო ოთხეულში პირველად მოხვდა, მრისხანე ესპანელისთვის კი რიგით 33-ე ნახევარფინალი იქნება.
ის, ჯერჯერობით თავს საშუალო დონის ATP-ის 3 მოგებული ტიტულით იწონებს, შეუდარებელ მალიორკელს კი კოლექციასი 83 ჯილდო აქვს, რომელთაგან მასტერსebi და 18 მეიჯორია.
ჩოგბურთის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი მატეო ბერეტინიზე და რაფაელ ნადალზე გვაქვს, რომლებიც არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე დადგებიან და წლის ბოლო დიდი სლემის ფინალის საგზურს შეეცილებიან.
აბა რაფას ნახევარფინალისტობა როგორ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ბერეტინის ასე შორს წასვლას ვგონებთ საჩოგბურთო სამყაროსთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. იტალიელი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობას შესაშურ ფორმაში მყოფი შეხვდა. ფიზიკურთან ერთად, ის ფსიქოლოგიურადაც ყოჩაღად გამოიყურება, რასაც მეოთხედფინალში ფრანგ გაელ მონფისთან სასწაულ 5 სეტიან თრილერში გამარჯვებაც მოწმობს.
ოცნებები რომ ხდება, ეს სპორტში და განსაკუთრებით ჩოგბურთში ბევრჯერ დადასტურებულა. გვინახავს, წლების შემდეგ ესა თუ ისე მოთამაშე, დიდ ტურნირზე ბავშვობის კერპის პირისპირ რომ დამდგარა და დაუმარცხებია. მაგალითების ჩამოსათვლელად შორს წასვლა საჭირო არ არის. წლეულს, ავსტრალიის ღია პირველობაზე იყო ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა როჯერ ფედერერს რომ მოუგო.
23 წლის ბერეტინი, ბავშვობაში სწორედ ნადალის ფანი ყოფილა, მაგრამ ერთხელ მასზე ძალიან გაბრაზებულა, რადგან რაფას თურმე მულტფილმის ყურებაში შეუშალა ხელი.
„რაფას ალბათ 100-ზე მეტი თამაში მექნება ნანახი. მართალია, კორტზე ერთმანეთს პირისპირ პირველად გადავეყარეთ, მაგრამ მას ძალიან კარგად ვიცნობ. ან გეგულებათ ტურში მოთამაშე ვისთვისაც ნადალის თამაშის სტილი უცხო იყოს? მისი დამარცხება ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის გაკეთებას აუცილებლად შევეცდები. მახსოვს, წლების წინ, როდესაც ბავშვი ვიყავი როგორ „გამაბრაზა“ და მაქსიმუმს გავაკეთებ, ახლა რომ გული დავწყვიტო,“ – ამბობს მატეო ბერეტინი.
ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ბერეტინი ნადალს კორტზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას, მაგრამ წლების წინ მას პატარა იტალიელი ბავშვებისთვის ნერვები კი მოუშლია, თუმცა ამაში „დამნაშავე“ მხოლოდ რაფა არ ყოფილა.
„რომის მასტერსის ფინალი იყო. მაშინ ამ ტურნირის მნიშვნელობას დიდად ვერ ვხდებოდი, მაგრამ რადგან უკვე ჩოგბურთის სექციაში დავდიოდი, თამაშებს ტელევიზორშიც ხშირად ვუყურებდი. იმ დღეს კი რატომღაც ჩოგბურთის ხასიათზე არ ვიყავი და თანატოლებთან ერთად სახლში მულტფილმს ვუყურებდით, რომელიც უცებ გაწყდა და ნადალის თამაში ჩაირთო, რომელშიც ის გილერმო კორეას ხვდებოდა. საბავშვო არხზე კი ჩოგბურთი იმიტომ ჩართეს, რომ თურმე უფასოდ აჩვენებდნენ. სწორედ მაშინ ვნახე ნადალის თამაში პირველად. მატჩი ძალიან დიდხანს გაიწელა, მეგობრებს კი გაწყვეტილი მულტფილმის გაგრძელება გვინდოდა. ამიტომაც ვბრაზობდით და ერთი სული გქვონდა როდის დასრულდებოდა. თანაკლასელებმა იცოდნენ რომ საჩოგბურთო სექციაში დავდიოდი და კარგად მახსოვს როგორ მეკითხებოდნენ შენც ესეთი უნდა გამოხვიდეო? კი, და ვოცნებობ ასეთ დიდ ტურნირებზე ვითამაშო მეთქი.“ – თქვა იტალიელი ჩოგბურთელი.
ვერაფერს ვიტყვით. მატეო ბერეტინიმ მიზანს მიაღწია. წლების წინ, რაფაელ ნადალმა მას მულტფილმის ყურება არ დაანება, ახლა კი თავად შეეცდება, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლაში შეუშალოს ხელი.