ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებს გარკვეულ სტერეოტიპს მოვარგებთ ხოლმე და მერე ჟამთასვლის და თაობათა ცვლის მიუხედავად, იმავე სტერეოტიპით ვზომავთ. ამადაც გაგვეხარდა დანიამდე სამი დღით ადრე სამხრეთ კორეასთან სპარინგი – მობილურ და მებრძოლ კორეელებს სულ კაპიკ-კაპიკ უნდა ჩამოეხურდავებინათ ჩვენი პრობლემები. არ გამოვიდა. აზიელებმა ვერ გაგვიმართლეს და თუ მობილურობა-ბრძოლისუნარიანობით გავზომავთ, ეს სამხრეთ კორეა უფრო ყაზახეთია, ვიდრე დანია.
პარველ ტაიმში არაფერი გვქონდა საწუწუნო. ბურთი უფრო იმათი იყო და შედარებით ხარისხიანი ფეხბურთი – ჩვენი. შეტევაზე აქცენტი და მაღალი პრესინგიც არ იყო ურიგო, თუმცა სიმბოლური 4-2-4-ც კი მეტისმეტად თამამი გვეჩვენა. თუკი ეს დანიასთან მატჩის რეპეტიცია იყო, 8-ში ორკაციან ნახევარდაცვას წელში გადაგვიტეხენ და მოედნის ცენტრის გარეშე დაგვტოვებენ.
ფეხბურთელების ინდივიდუალური ფორმა თითქოს ნორმალურია. მხოლოდ მიწურულს დაგვეტყო დაღლა, როცა კორეამ მეორე სიჩქარე ჩართო. ერთი შენიშვნაც: შემტევთა სიჭარბის გამო, თავის გამოჩენა ყველას უნდოდა და საგოლე პასს საეჭვო პოზიციიდან დარტყმა ამჯობინეს. მისალოცი ამბავია და ნამდვილად არ დაკარგულა მოედანზე ზურიკო დავითაშვილი.
ანგარიში? როცა ოთხიდან სამი გოლი აშკარა თამაშგარედან გავა, რა დროს ანგარიშია, მაგრამ მარცხს ფრე სჯობია. თანაც, ბოლოს როდის იყო, თამაში ბოლო წუთზე რომ გადავარჩინეთ?