ყველაზე უცნაური რაც ჩვენს ფეხბურთს სჭირს, მედიდურობაა.

„დინამომ“ რომ „ტილბურგთან“ წააგო, სამი დღეა გასული და ამ დღეში, ბარე შვიდი ფეხბურთის მოყვარე კაცი შემხვდა და მითხრა, აგვისტოში რომ დაწერე „დინამომ“ გამოიღვიძა, აჩქარდი, ბევრი მოგივიდაო. როცა რაიმე გაგეხარდება, ბევრიც მოგივა ხოლმე. მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, „დინამომ”“„ატლეტიკს“ მოუგო და რამდენიმე თბილისელმა ფეხბურთელმა მართლაც საუცხოოდ ითამაშა წყვილის ორივე შეხვედრაში.

ახლა „დინამომ“ „ტილბურგთან“ წააგო და საზოგადოება ხუმრობს კიდეც, კიდევ კარგი, „ვილემ I“-ს არ ვეთამაშებთ, თორემ ის რაღას გვიზამდაო. თამაშის შემდეგ ახალგაზრდობა აბობოქრდა. ხალხი რუსთაველისკენაც კი წავიდა გუნდ-გუნდად. იქაც იყო გინება და გულისტკივილი – მოგვეცით გუნდი, რომლის ქომაგობასაც აზრი აქვსო.

და საიდან უნდ მისცენ ეს გუნდი?

ჰოლანდიელებთან მატჩის შემდგომ ინტერვიებში ჩვენმა ფეხბურთელებმა ერთხმად აღიარეს, რომ „ტირბურგი“ ძლიერი გუნდია და მასთან ვერაფერს გახდნენ. ჩემთვის ეს დასაჯერებელი ამბავია, დაუჯერებელი ის არის, რომ „დინამოს“ შეეძლო „ტილბურგი“ გამოეგდო. მურთაზ ხურცილავამ რამდენჯერმე თქვა, ამ კონტინგენტით შორს ვერ წავალთო. ფეხბურთში მართლაც გაჭირდება შორს წასვლა, თუმცა დღევანდელ „დინამოშიც“ არის სამი-ოთხი ისეთი მოთამაშე, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად რომ ღირსეულად გასწვევდა ევროპულ ჭაპანს.

სამაგიეროდ, რაშიც შორს წასულა ქართული ფეხბურთი, ეს არის მედიდურობა, ყარაჩოხლური სიტყვა-პასუხი და მტკიცე რწმენა საკუთარი ერთადერთობისა და განუმეორებლობისა.

აბა, როგორ დამავიწყდება შემთხვევითი საუბარი ერთ ქართველ ვარსკვლავთან, ერთ დიდ ქალაქში, არცთუ პატარა აეროპორტში, გაზეთში მისი ფოტო იყო დაბეჭდილი, ღირსეული, ბრძოლის ამსახველი. არ მოეწონა, ნახე რას ვგავარო. თამაშია, ფოტოატელიე ხომ არა? ძალიან ღირსეული ფოტო იყო. მერე ვკითხე, ერთ ჭეშმარიტ ვარსკვლავზე, როგორი ფეხბურთელია-მეთქი და ძალიან არ მოეწონა ეს ამბავი. არი რაო. „არი“ კი არა? გადახნა ყველაფერი და დღესაც ვერავის დაუკავებია.

კიდევ, ერთმანეთს ადარებენ უცხოელებს. სავსებით სერიოზულად. უპირატესობა, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარეზეა. ალბათ, ერთადერთი მიზეზის გამო – ისინი „გაგებაში“ მოიკოჭლობენ. ჩვენ კი გაგებული ხალხი ვართ. ოღონდ არა ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაში, ამ სნეულებით, ჩვეულებრივ, ის მოთამაშენი სცოდავენ. ვისაც ხეირიანი არაფერი გაუკეთებია ქართული ფეხბურთისათვის. არიან სხვანიც, ჩუმი და ადამიანური ფეხბურთელები, რომლებიც გარშემო მყოფთ ხალხად თვლიან და არა ჰგონიათ, რომ მარტო თვითონ იციან ფეხბურთის რაობა. მაგრამ ესენი ამინდს ვერ ქმნიან.

კნიაზ, შენ ყარაჩოხელი გიჟუა გაგიგონია?

ბევრს არავის ახსოვს, რომ გიჟუა ხარაზია. დასამახსოვრებელი ის არის, რომ მან თავისი სახარაზოს გარეთ მკლავის გაშლა და პაჟარნული სიტყვა-პასუხი იცის. მთავარიც ესაა და არა მისი შეკერილი წკაპუნები.

„გინდა ახლა ეგ ხუხულა ასე მიგინგრ-მოგინგრიო…“

წკაპუნები, წკაპუნები შეკერე გიჟუავ, სპორტსმენი უნდა იყო, ან ყარაჩოხელი. მაშინ სიტყვა-პასუხიც სხვა იქნება და განცდებიც.

3.10.1998

წილი
წინა სტატიავაისმა ბიჭები სტამბოლში დაიბარა
შემდეგი სტატიავინ, სად და რამდენად
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.