მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ის 31 ბორჯღალოსანია, რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ნაკრებში რომ მწვავე კონკურენცია იყო, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდს მიღმა აღმოჩნდა მრავალნაცადი მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში ქართველთა ერთადერთი ლელო მიითვალა.

ასევე ვერ მიდიან იაპონიაში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი გიორგი აფციაური, ხოლო გიორგი ცუცქირიძე და მერაბ კვირიკაშვილი გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ.

დიდწილად ტრავმების მიზეზია, რომ ნაკრებში თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ ლეგენდარული მამუკა გორგოძე დაბრუნდა. ვეტერანი ბორჯღალოსანი ეროვნულ გუნდს 2017 წლის გაზაფხულზე რუმინეთთან წაგებული მატჩის შემდეგ გამოეთხოვა და პუბლიკას გამოსამშვიდობებელი მატჩის მოწყობას დაპირდა, მაგრამ მისი ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამჟამად კი მამუკა ჩინებულ ფორმაშია – ვეტერანი ვარსკვლავი ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა, მას კლუბიც უშვებს და როგორც რაგბის კავშირში ამბობენ, იაპონიაში გორგოძის წასვლა 99%-ით გადაწყვეტილი ამბავია. მთავარია, „ტულონში“ ტრავმირებული მეორეხაზელი გამოჯანმრთელდეს, თორემ მამუკასა და მის მეწყვილეს ტოპ 14-ში დღემდე შეცვლების გარეშე უწევდათ ასპარეზობა. ანუ, ხელისშემშლელი ფაქტორი მხოლოდ ესაა და გორგოძე იაპონიაში თავის მე-4 მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

ასევე მე-4 მსოფლიო თასი იქნება დავით კაჭარავასთვისაც, რომელსაც იაპონიაში წამსვლელ 31 კაცს შორის ყველაზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი – 115. რაც შეეხება ლელოებს, მამუკა გორგოძე ლიდერობას აქ დღემდე არავის უთმობს – 26 ლელო ნაკრების შემადგენლობაში.

ჰეიგის რჩეულთა შორის ყველაზე ასაკოვანი შალვა სუთიაშვილია, ვისაც იანვარში 35  შეუსრულდა. ყველაზე ახალგაზრდა კი კვაჭი ვანო კარკაძეა. მას ივნისში 19 წელი შეუსრულდა და ჯერ კიდევ შარშან საქართველოს 18-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო წლეულს თედო აბჟანდაძესთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

მოკლედ, ჰეიგი ჩამოყალიბდა, იგივე ქნა გრეგორ თაუნსენდმაც, შოტლანდიის ნაკრების დამრიგებელმა. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ შაბათს ჩვენს ნაკრებს ისევ სქოთებთან მოუწევთ თამაში, თანაც მათ სახელგანთქმულ „მარიფილდზე“. 31 აგვისტოს ბორჯღალოსნებმა მათგან სასტიკი მარცხი იგემეს – 10:44. ბრიტანულ პრესაში ყველა რეცენზია ერთიმეორეს გავდა, პათოსი დაახლოებით ასეთი იყო: „მილტონ ჰეიგის კუნთმაგარ და მძლავრ საქართველოს გრეგ თაუნსენდმა შოტლანდიური ტვინი დაუპირისპირა, ბრიყვული შეცდომებისთვის სასტიკად დასაჯა და იგივეს გამეორებას „მარიფილდზეც“ შეეცდება“.

                                                                                  მილტონ ჰეიგის რჩეული 31

შერკინება მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ნემსაძე, მამუკა გორგოძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე.

უკანა ხაზი ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, თედო აბჟანდაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, ალექსანდრე თოდუა, მირიან მოდებაძე, ზურაბ ძნელაძე, იოსებ მათიაშვილი.