ძიუდოს მოყვარულებისთვის ერთკვირიანი ვნებათაღელვა დასრულდა, რომელიც ახლახანს ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდებოდა.

იაპონიის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შარშან, ბაქოში გაჩემპიონებული ძიუდოისტებიდან ტიტული ვერცერთმა შეინარჩუნა. სამწუხაროდ მათ შორის იყო ჩვენებური გურამ თუშიშვილიც, რომელიც სულაც უმედლოდ დარჩა.

იგივე ბედი ეწია შარშანდელ ოქროს მედალოსანს, ირანელ საიდ მოლაეისაც (81კგ), რომელიც საკმაოდ გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია. ის, ტოკიოში თავის წონაში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა და სპეციალისტებიც მას ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, კვარლცბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ვინ დაეძებს, მოლაეი შინ საერთოდ ხელმოცარული დაბრუნდა.

და მთავარსაც მივადექით. ზემოთ, შინ დაბრუნება ვახსენეთ, ისე კი ირანელი ძიუდოისტი სამშობლოში ჩასვლას უფრთხის, ის იაპონიიდან გერმანიაში გაფრინდა და თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული და სხვა უცხოური გამოცემები ავრცელებენ. მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლებისგან წნეხია.

მოლაიე თვლის, რომ სამშობლოში დაცული არ იქნება. უფრო მეტიც – გაჩნდა ეჭვი, რომ მან ნახევარფინალში ბელგიელ მატიას კასესთან, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველ ლუკა მაისურაძესთან შეგნებულად წააგო. რატომ? ფინალში, ებრაელ საგი მუკისთან დაპირისპირების ხელოვნურად თავის არიდების მიზნით, რომელიც სულაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მაისურაძესთან მარცხს, ირანელმა აქაც ძალით წააგოო, რადგან პედესტალზე მუკისთან ერთად დგომა არ უნდოდა და არც არავინ აპატიებდაო.

ამ ვერსიას იზიარებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი, რომელმაც იაპონურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ საიდ მოლაიე ნერვიულობდა და ეშინოდა, რომ თუ ფინალში ებრაელ ძიუდოისტს დაეჭიდებოდა, მაშინ მის ოჯახს საფრთხე დაემუქრებოდა. ამავდროულად, ძიუდოს რუმინელი მაღალჩინოსანი საედ მოლაიეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ირანელი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლტოლვილთა გუნდის სახელით გამოვა.

წილი
წინა სტატიარატომ გაბრაზდა სოსო?!
შემდეგი სტატიამსოფლიოს საქართველო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...