„ოსასუნამ” „ბარსელონას” უმასპინძლა და თამაშის ბოლოს, პენალტით გაუთანაბრა ანგარიში — 2:2. მასპინძელთა ორივე გოლი რობერტო ტორესმა გაიტანა. თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იმიტომ დაინიშნა, რომ „ბლაუგრანას” ვეტერანმა მცველმა ჟერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თუმცა მატჩის შემდეგ კატალონიელი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
პიკემ არ უარყო, რომ ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ თქვა, ასეთი განზრახვა არ მქონიაო.
„ბურთი ხელში მომხვდა, მაგრამ ყოველი სეზონის წინ ჩვენ შეკრებებს გვიწყობენ, სადაც ბურთამდე მანძილზე გვიმახვილებენ ყურადღებას. ამ ეპიზოდში უბრალოდ დრო არ მქონდა, რომ გავწეულიყავი. ხელით ბუნებრივზე დიდ მანძილს არ გავწვდომივარ. ჩვეულებრივად ავხტი, როგორც ვხტები ხოლმე. მინდა ეს მსაჯებმა თავად სცადონ. ერთი სიტყვით, ჩემი ანუ იმ ადამიანის აზრით, რომელსაც ეს ეპიზოდი გადახდა, პენალტი არ უნდა დანიშნულიყო”, — თქვა ბარსელონელმა.
„ბარსამ” ახალდაწყებულ სეზონში პირველად როდი როდი დაკარგა ქულები, მაგრამ პიკე ამბობს, რომ გუნდი მშვიდად არის.
„გვინდოდა ცხრიდან ცხრა ქულა გვქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა. უკეთეს სტარტს ველოდით, თუმცა სანერვიულო მაინც არაფერი გვაქვს. ჩემპიონატი ახლა დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანია მარტ-აპრილს ისე მივაღწიოთ, რომ ჩემპიონობის შანსი გვქონდეს. გუნდში ერთსულოვნების შენარჩუნებაა მთავარი”.
და ბოლოს, პიკეს ნეიმარის ყიდვის შანსებზე ჰკითხეს.
„გუნდში ვინც გვყავს, ის გვყავს და ამ შემადგენლობით უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ყურადღება. ნეიმარის საქმეში კი ბევრი ხალხია ჩარეული. ვნახოთ რა გამოვა”.
„ბარსელონას” ამ შეხვედრაში კვლავ აკლდა ლეო მესი.