საქართველოს რაგბის ნაკრებთან ევროპის დიდი ექვსეულის და სარაგბო ელიტის სხვა წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის საკმაო საგაზეთო თუ ონლაინ-ფართის დათმობა ბოლო წლების ბრიტანულ მედიაში წესად იქცა. “ბი-ბი-სის” სპორტული მიმომხილველი ენდი ბერკი დღეის ბრძოლას მოზრდილ წერილს და შთამბეჭდავ სათაურს უძღვნის “საქართველო შოტლანდიის წინააღმდეგ: გრეგორ თაუნსენდის ბიჭებს მრისხანე ხროვა ელოდებათ”, ხოლო თავად წერილი გაჯერებულია იმ აზრით, რომ “დინამო არენაზე” სქოთებს მოდუნება და მორცხვობა უკიდურესად ცუდ სამსახურს გაუწევს. “ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის და უელსის სარაგბო სარბიელებზე შოტლანდიამ ბოლო 40 თამაშიდან ორი მოიგო. დიახ – ორი” – ჩივის მიმომხილველი და დასძენს – “წინა თამაშში შოტლანდიამ საფრანგეთს ფიზიკა დაუპირისპირა და გაჭირვებით, მაგრამ მოერია. შოტლანდიელებს ჯერ კიდევ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ საკმარისი ძალ-ღონე გააჩნიათ – შაბათს მათ ჯანით სავსე მეტოქე ეყოლებათ”.
ქართველები ამ თამაშზე ლითონის აბჯრით მოსილები გავლენო, განაგრძობს მსჯელობას ჟურნალისტი. შოტლანდია, მისი სიტყვით, პირველია, ვინც “ექვსი ერის” კარზე ჯიუტად მოკაკუნე საქართველოს იმავ ექვსი ერიდან სტუმრად ეწვია და ამისთვის ქებას იმსახურებს. თუმცა ქართველებს აზრადაც არ მოუვათ სტუმრებს კეთილად დახვდნენ. შაბათის თამაში მათთვის შანსია დიდი განაცხადის გაკეთებისა და “ექვსი ერის” შვიდად ქცევისაო, ამბობს ავტორი და კონკრეტიკაზე გადადის:
“ქაღალდზე თითქოს ყველაფერი შოტლანდიის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ მდგომარეობას საღი თვალით თუ შევხედავთ, “მონპელიეს” მიხეილ ნარიაშვილი, ექს-გლაზგოელი შალვა მამუკაშვილი და “გრენობლელი” ბექა გიგაშვილი შერკინების ის სამეულია, რომელსაც ალენ დელის, სტიუარტ მაკინალის და უილემ ნილის შერკინებისთვის ჯოჯოხეთური გამოწვევის შეთავაზება შეუძლია. შერკინების უკან ქართველებს მეტი პრობლემები აქვთ, მაგრამ ადგილზე იქნებიან ვასილ ლონჟანიძე და თედო აბჟანტაძე, რომლებიც მალე “ბრივშიც” მხარდამხარ თამაშს შეუდგებიან და მათი და სხვა მოთამაშეების მოტივაცია გაძლიერებას აღარ საჭიროებს”.
55 000 ცეცხლოვანი ქომაგი “ბი-ბი-სის” მიმომხილველს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ უპირატესობად მიაჩნია და წერილს პათეტიკურად ასრულებს: “შოტლანდიიდან მოშორებით კვლავ მორიდებულნი ვიქნებით? თუ შევძლებთ “დინამო-არენაზე” “მერიფილდის” სული გადავიტანოთ? მისაღები მხოლოდ მეორე ვარიანტია”.