“პირველი მერცხალივით” ამბავი მოხდა “დინამო არენაზე”. ქართული რაგბი უკვე მერამდენედ და ამაოდ მიეძალა ევროპის სარაგბო ელიტის ჭიშკარს. დღეის მატჩი კარსმომდგარი მსოფლიო თასის რეპეტიციად კი მოინათლა, მაგრამ რაღა რეპეტიცია, როცა შოტლანდიის დონის ნაკრები პირველად გამოჩნდა საქართველოს სარაგბო მინდორზე.

ქართველთა საამმატჩო იმედი ორ ფაქტორზე იყო დაფუძნებული: მოთამაშეთა გაუტეხლობასა და ქომაგობის მაღალ ამპლიტუდაზე. ორივე ვიხილეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. გულშემატკივარი ორივე ტაიმის მანძილზე თანაბრად ქუხდა, ხოლო ქართველი მორაგბეები პირველი ნახევრის საწყისი ოცი წუთის გამოკლებით შმაგად ეტევებოდნენ მეტოქეს. ჩვენების ამგვარ შეუპოვრობას არაერთხელ გაუტეხავს ტონგა-ფიჯი-სამოას რანგის, ესე იგი მეორე ეშელონის ნაკრებები, მაგრამ “მაკ-მაკ-მაკ”-ბიჭებსაც ხომ თავის წილი შეუპოვრობა მოსდგამთ შოტლანდიის მდიდარი ისტორიიდან. ჰოდა, არ გატყდნენ და არც ჩათვლიმეს, მაშინაც კი, როცა ოც წუთში კომფორტული 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

“პირველი მერცხალი” გამახსენდა-თქო, ცხადია იოტისოდენა ირონიის გარეშე, მხოლოდ სევდიან კონტექსტში. ფილმში ფოთელების და ინგლისელ მეზღვაურთა თამაში გეხსომებათ, რამდენიმე გოლის გაშვების შემდეგ ჩვენები დიდი მიწოლით ერთს რომ შეაგდებენ. შემდეგ კი გაბრაზებული სტუმრები მხოლოდ თავით აგრძელებენ თამაშს და გოლს გოლზე ყრიან გაოგნებული ქართველების თვალწინ. დღესაც შოტლანდიელთა ყოველი ლელო მაღალი სარაგბო კლასის დემონსტრაცია იყო, რომელსაც იმავე დონის თამაშითღა თუ დაუპირისპირდები. მოგვერივნენ და ვკაკვავთ თითს, ოღონდ მცირე ხნით: დღეისწორს მატჩ-რევანშია, მერე კი – მსოფლიო თასი.

მკლავების ჩამოყრა არ გამოვა და არც არავინ აპირებს. თამაშის შემდეგ მოტივაციის დაშრეტა არც მოთამაშეებს დატყობიათ და არც ქომაგს დაუწყია მოედნისკენ პლასტმასის ბოთლების ტყორცნა, რადგან იხილა სურვილი, მონდომება და ბრძოლა. ჩაგდებული პირველი ოცი წუთი, ბურთის ხშირი კარგვა და სხვა ნაკლოვანი მხარეები კი ელის მკვლევარს და აღმოფხვრას.

და ერთიც: სასიამოვნო იყო ხილვა იმისა, რომ მინდორზე აღმოცენებული ორიოდე წაკინკლავებისას ქართველებს არ გაუმართავთ ჯგუფური ხათქახუთქი პრინციპით “ჰკა მაგათ!”, არამედ ზომიერი ჯიკავით და კონფლიქტის ჩაქრობისკენ მიმართული ძალისხმევით შემოიფარგლნენ, როგორც ეს ნამდვილ ჯენტლმენებს ეკადრებათ და რაგბისაც ხომ ჯენტლმენები თამაშობენ…

წილი
წინა სტატიარაფა მხსნელი
შემდეგი სტატია„ბარსამ” ისევ დაკარგა ქულები
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია