ნიუ იორკში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება საინტერესო ფაზაში შედის, ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს კი ყურადღების გადატანა სხვებისკენ მოუწევთ, რადგან ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი შეჯიბრს მესამე წრეში, გერმანელ დომინიკ კოეპფერთან გამოეთიშა. არადა, მსოფლიოს ოცეულში მყოფ ქართველ მეჩოგნეს ისეთი ბადე დაუჯდა თქვენი მოწონებული. მოკლედ, ბასილაშვილმა, ორი ეტაპის გადალახვის მიუხედავად გულშემატკივარს იმედები აშკარად გაუცრუა.

ზემოთ ყურადღების გადატანა ვახსენეთ, რის ნაკლებობასაც,  ვინ ვინ და რაფაელ ნადალი ნამდვილად არ უჩივის. პირიქით,  თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩოგბურთელს ის მოზღვავებული დოზითაც აქვს.

რაფას რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ქომაგი ჰყავს ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება. ფედერერის და ჯოკოვიჩის დარად, ესპანელისადმი გულშემატკივრების ინტერესი და სიყვარული იმდენად დიდია, რომ მისი ვარჯიშების სანახავადაც იმდენი ადამიანი დადის, საჩოგბურთო სამყაროში ბევრი ცნობილი ჩოგბურთელის ოფიციალურ მატჩსაც რომ დაამშვენებდა.

ასეა წლევანდელ US Open-ზეც, სადაც ნადალი მესამე წრეში ისე გავიდა, კორტზე მხოლოდ ერთხელ გავიდა. რაფას, მეორე წრეში ტრავმის გამო ავსტრალიელი თანასი კოკინაკისი არ გამოუცხადდა.

მართალია, ნადალი მესამე ეტაპზე უბრძოლველად გავიდა, მაგრამ ეს იმას  სულაც არ ნიშნავს, რომ სასტუმროს ნომერში მხართეძოზეა წამოწოლილი. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, როდესაც ავტოგრაფისთვის და ფოტოს გადასაღებად ქომაგები ჯებირს მიაწყდნენ, პატარა ბიჭუნა ისე გაჭყლიტეს ცოტაც და, სავალალო შედეგი დაფიქსირდებოდა.

„რაფა, შენ დღეს ჩემი შვილი გადაარჩინე. შენ ისეც მისი კუმირი იყავი, ახლა კი გმირიც ხარ.  დიდი მადლობა და ამერიკის ღია პირველობაზე  წარმატებებს გისურვებ,“ – ეს სიტყვება ბიჭუნას მამას ეკუთვნის, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა და პოსტს ვიდეოც თან დაურთო.

ბოლოს კი ისიც დავძინოთ, რომ რაფაელ ნადალს ამერიკის ღია პირველობა 3-ჯერ აქვს მოგებული.