მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” არ მიდის. მას კლუბის თავმჯდომარესთან დენიელ ლევისთან ისეთი საუბარი ჰქონდა, რომელზეც ყველა მხარემ თავისი პოზიცია გამოხატა. საუბარი რესტორანში, სადილზე შედგა. სადილს არგენტინელი მწვრთნელის ასისტენტი ხესუს პერესი და დირექტორატის კიდევ ერთი წევრიც ესწრებოდნენ.

პოჩეტინომ თქვა: „ჩვენ ჯერ აქ შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ კი დავთქვით, რომ ხესუსთან და დირექტორატის კიდევ ერთ წევრთან ერთად ვისადილებდით. ორი ორზე ვიყავით. ვინ მოიგო? „ტოტენჰემმა”.

კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და საკითხების გარკვევისთვის ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. იქ ერთი პირადი საკითხიც არ გარკვეულა, მხოლოდ კლუბზე ვლაპარაკობდით.

დენიელისგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ მე და ის ერთ პოზიციაზე ვართ. ყველაზე კარგი, რაც მე სადილობისას გავიგე, სწორედ ეს იყო”.

კიდევ, „სფურზის” მწვრთნელმა თქვა, რომ ლონდონში მუშაობის პერიოდში მას ძალიან ბევრი კლუბისგან ჰქონდა შეთავაზება, რომლებზეც უარი თქვა. როდესაც ჩაეძიენ, კერძოდ რამდენი შეთავაზება გქონდათო, პოჩეტინომ უპასუხა:

„ხუთი წლის განმავლობაში უამრავი და დენიელმა ყველაფერი კარგად იცის. რომელი კლუბებიდან? რომლიდან არა… მაგრამ, ჩემი ერთგულება „ტოტენჰემისადმი” ძლიერია და დენიელს ესეც კარგად მოეხსენება”.

პოჩეტინომ, რომელსაც სხვადასხვა დროს „მანჩესტერ იუნაიტედი” და „რეალი” ეპატიჟებოდნენ, უარყო ხმები, თითქოს „არსენალის” წინააღმდეგ ხვალინდელი ჩრდილო ლონდონური დერბის შემდეგ „სფურზიდან” წასვლას აპირებს.

„სისულელეები სოციალური ქსელებიდან მოდის, სადაც წერენ დიდ პრობლემებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. შემდეგ კვირაში სანაკრებო თამაშებია, იქითა ორშაბათიდან კი პრემიერლიგის მომავალი ტურისთვის განვაგრძობთ მზადებას”.

და ბოლოს პოჩეტინოს პოლ მერსონზე ჰკითხეს. მერსონი, მოგეხსენებათ, წარსულში „არსენალის” ფეხბურთელი იყო, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მეთოფეები” კვირას „ტოტენჰემს” გაბრდღვნიან. „სფურზის” თავკაცს ასე ჰკითხეს, რომელი ცნობილი არსენალელის წინააღმდეგ ითამაშებდითო.

„რომელი არსენალელის წინააღმდეგ ვითამაშებდი? პოლ მერსონის, რადგან ისეთ მანძილზე მინდა მყავდეს, რომ წიხლი ამოვარტყა. ოღონდ, სიყვარულით,” — უპასუხა პოჩეტინიომ.