როდესაც ალექსის სანჩესი „არსენალში“ თამაშობდა, ჟოზე მოურინიუ იმავეს ხედავდა, რასაც მთელი დანარჩენი საფეხბბურთო სამყარო — სწრაფ, აგრესიულ, მკვირცხლ, შემოქმედებით ბომბარდირს. სწორედ ამიტომ გამოგლიჯა ხელიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ თითქმის გადაბირებული ჩილელი ფორვარდი 2018 წლის იანვარში. მაგრამ, როდესაც ფეხბურთელს ენითაუწერელ გასამრჯელოზე უწერდნენ ხელს, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებს ერთი რამ გამოეპარათ. მათ ვერ დაინახეს შინაგანი პრობლემებით სავსე, ცოლთან ურთიერთობაარეული, გულგატეხილი ადამიანი.

და როდესაც სანჩესმა დაინახა, რომ ახალ გუნდში საქმეები ძველებურად არ მიდიოდა, კიდევ უფრო გულჩათხრობილი გახდა. ნაცვლად იმისა, რომ ბიჭებს დაახლოებოდა, გაირიყა, ცალკე გავიდა.

ორმა მწვრთნელმა სცადა მისი გონს მოყვანა — ჯერ მოურინიუმ, შემდეგ კი ოლე გუნარ სულშერმა. პორტუგალიელი აქეზებდა, შეძახილით უნდოდა ჩილელის გამოფხიზლება, ნორვეგიელმა კი საუბარი და „ფსიქოთერაპია“ სცადა, მაგრამ ამაოდ.

და აი, ამ ზაფხულს კიდევ ერთი, ალტერნატიული გზა გამოჩნდა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ალექსის სანჩესი „ინტერს“ მიაქირავა. „ინტერს“ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე წვრთნის, რომელმაც თავდამსხმელის ამბები „ახლოდან“, ინგლისიდან იცის და მაინც უნდოდა მისი თავის გუნდში აყვანა.

ზემოთ ხელფასი ვახსენეთ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანჩესს ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში კვირაში 505 000 გირვანქა დაუნიშნა. ეს დღეში 71 945, საათში 2 997 და წუთში 50 გირვანქაა. ამაზე „სანს“ „ასტონ ვილას“ ყოფილი მწვრთნელის ჯონ გრეგორის სიტყვები გაახსენდა, სტენ კოლიმორს რომ უთხრა თავის დროზე: „შენი ხელფასი რომ გაიგონ, ხალხს რომელიც 300 გირვანქად კვირაში 60 საათს მუშაობს შეიძლება დეპრესია მოუვიდეს“.

მაგრამ, იქნებ ყველაფერი სანჩესის უგუნებობის კი არა, ტაქტიკური შეუთავსებლობის ბრალი იყო? იქნებ სანჩესის ტიპის ფორვარდი არც მოურინიუს აწყობდა და არც სულშერს? იქნებ, მწვრთნელებმა ვერ გათვალეს რაღაც?

მოურინიუს დროს ჩილელმა ორად ორ შეხვედრაში ითამაშა გადამწყვეტი როლი. ამ ორიდან ერთი  იყო „ნიუკასლთან“, როდესაც შეცვლაზე შესულმა ბოლო წუთებზე გოლი შეაგდო და „იუნაიტედს“ გამარჯვება მოუტანა. ეს შარშან ოქტომბერში მოხდა. მეორე კი გახლდათ 2018 წლის აპრილში, „უემბლიზე“, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“.

რასაკვირველია, ადამიანისგან, რომელსაც არანორმალურად დიდ ხელფასს უხდიდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაცილებით მეტს ელოდა.  დაკვირვებული კაცი შეამჩნევდა, რომ შეიცვალა სანჩესის ჟესტიკულაციაც — გოლით გამოწვეული სიხარულის, მსაჯთან კამათის თუ სხვა. ის დრო, როდესაც ჩილელი ხალხს ხელის ერთი აქნევით იყოლიებდა ან თანაგუნდელს, რომელიც სწორ პასს ვერ მიაწოდებდა მზერით ანადგურებდა, „არსენალს“ დარჩა.

მოურინიუს პერიოდში სანჩესის ყველა ემოცია გაზვიადებული იყო. ის გაღიზიანებული ჩანდა. სწორად რომ ვერ დაარტყამდა, მარკუს რეშფორდს, ჯესი ლინგარდს ან ანტონი მარსიალს აბრალებდა. მწვრთნელი რომ შეცვლიდა, ბრაზდებოდა.

სანჩესი ამბობდა, რომ მოედანზე მოვლენებს უფრო სწრაფად ხედავდა ვიდრე მისი თანაგუნდელები. მოურინიუმ სცადა მისთვის აეხსნა, რომ ბიჭებთან ურთიერთობას უნდა გაფრთხილებოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

ბევრმა იფიქრა, რომ სანჩესის პრობლემა სხვაგან იყო: მას ნამდვილად დიდ კლუბებში (ანუ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონაში“) თამაშისთვის კლასი არ ჰყოფნიდა და ამიტომ იყო ასეთი გაღიზიანებული.

„უდინეზესა“ და „არსენალში“ პირველ ბიჭად გამოჩენა უფრო ადვილი იყოო, ამბობდნენ.

და აი, ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესის კარიერაში კიდევ ერთი დიდი კლუბი გამოჩნდა — „ინტერი“.

სავარაუდოდ, ბოლო დიდი კლუბი.