იტალიური სერია A-ს პირველ ტურში, „ბოლონია“ „ვერონას“ ესტუმრა. თამაში 1:1 დამთავრდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. თუმცა, განსაკუთრებული სათადარიგოთა სკამზე ხდებოდა: „ბოლონიას“ მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა რამდენიმე საათით დატოვა სანტ’ორსოლას ჰოსპიტალი, სადაც ის ლეიკემიის მიზეზით ქიმიოთერაპიას იტარებს და თავისი გუნდის თამაშზე მივიდა.
„ბოლონიის“ ფეხბურთელები გაოგნებულნი დარჩნენ, როცა გასახდელში მიხაილოვიჩი აღმოაჩინეს. 50 წლის სერბ სპეციალისტს ონკოლოგიურ კლინიკაში, ტელევიზორში, პირდაპირ ეთერში უნახავს თავისი შეგირდების წინასამატჩო ვარჯიში, თავი ვეღარ შეუკავებია და ვერონაში წასულა.
„წინა კვირაში მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჯერ ასი პროცენტით მზად არ არის სამუშაოდ. ამიტომ ვიცოდით, რომ იმ საღამოს ჩვენთან არ იქნებოდა. ეს არაჩვეულებრივი სიურპრიზი იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით და ამან დამატებითი მოტივაცია შეგვძინა. საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ ეს მატჩი,“ – ამბობს ბოლონიელთა გარემარბი რიკარდო ორსოლინი.
მიხაილოვიჩმა თავისი ავადმყოფობის შესახებ წლეულს, 13 ივლისს გამოაცხადა და ორი დღის შემდეგ ონკოლოგიურ დისპანსერში წავიდა სამკურნალოდ. მას შემდეგ ის კლინიკაში რჩებოდა და მოთამაშეებს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა.
მისი გამოჩენის ამბავი კლუბის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა მატჩამდე ერთი საათით ადრე დააანონსა.
მიხაილოვიჩი წლეულს იანვარში დაბრუნდა ბოლონიაში. მანამდე ის ემილია-რომანიის რეგიონის გუნდს 2008-09 წლების სეზონშიც წვრთნიდა. ამჯერად კი მას ფილიპო ინძაგის შეცვლა მოუწია, რომლსაც ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდა. „ბოლონია“ გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. მიხაილოვიჩის მისვლის შემდეგ კი 17 მატჩში 30 ქულა მოაგროვეს და მეათე ადგილზე გავიდნენ.
კლუბმა სერბს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მიხაილოვიჩმა თავისი ავადმყოფობის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ დაადასტურა, რომ ყველაფრის მიუხედავად, სერბი თანამდებობაზე დარჩებოდა.
„დრო დასჭირდება, მაგრამ მე ყოველთვის გასამარჯვებლად ვიბრძვი. ასეა ფეხბურთში და ცხოვრებაში. აუცილებლად დავამარცხებ ავადმყოფობას. გავანადგურებ ლეიკემიას,“ – ამბობდა მიხაილოვიჩი ივლისში.
კლუბის პრეზიდენტმა, ჯოი საპუტომ თქვა: „კარგად ვიცნობ სინიშას და ვიცი როგორი ძლიერი პიროვნებაა. მართალია, მისმა ავადმყოფობის ამბავმა საგონებელში ჩაგვაგდო, მაგრამ ის არასოდეს ნებდება. ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები მასთანაა, მიხაილოვიჩი „ბოლონიის“ მწვრთნელად რჩება.“
ვერონას სტადიონის სტუმართა სექტორი აპლოდისმენტებით შეხვდა მიხაილოვიჩის გამოჩენას. მხარდამჭერი ბანერებიც გამოფინეს. სერბი ძალიან გამხდარი ჩანდა და კეპი ეხურა. ეტყობა ქიმიოთერაპიის კურსის დროს, თმები გასცვივდა. თუმცა, ეტყობოდა, რომ თამაშზე სრულად იყო კონცენტრირებული.
„ბოლონიას“ შეეძლო მისთვის გამარჯვება მიეძღვნა, რადგან უკვე მე-13 წუთზე რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩა, მსაჯმა მასპინძელთა პოლონელი მცველი პაველ დავიდოვიჩი გააძევა. სტუმრებმა ანგარიშიც გახსნეს პენალტით, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ვერონას პორტუგალიელმა მიგელ ველოზუმ გაათანაბრა.
ახლა მიხაილოვიჩი ისევ კლინიკაში დაბრუნდება და მკურნალობას გააგრძელებს. პერიოდულად, ალბათ, მწვრთნელის სკამსაც დაიკავებს ხოლმე. ფეხბურთელები კი მისთვის თამაშს გააგრძელებენ. ის ხომ ყველასთვის მაგალითია, როგორ არ უნდა შეუშინდე ვერაგ ავადმყოფობას.