ძიუდოს სამშობლოში, ქართული ჰიმნი, პირველივე საშეჯიბრო დღეს აჟღერდა. მიხვდებოდით, საუბარი იაპონიის დედაქალაქში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გვაქვს, სადაც ჩვენებურმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის წოდება მოიპოვა.

ჩხვიმიანმა, ტოკიოში გაშლილ ტატამზე წარმოუდგენელი სპორტული გმირობა ჩაიდინა და არავინ რომ ელოდა, მეტოქეებს თავბედი აწყევლინა. ქართველი ძიუდოისტის გაჩემპიონება სპეციალისტებმა სენსაციად მონათლეს, რადგან მის კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ძალიან ცოტა თუ წინასწარმეტყველებდა.

საბოლოოდ, ლუხუმმა 7 ბრძოლა მოიგო, თან ყველა ძლიერ და გამოცდილ მეტოქეებთან. მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა ერთი მეორეს მიყოლებით დაამარცხა ჰონგონგელი, ბრაზილიელი, ესპანელი, უკრაინელი, ტაივანელი, რაც მთავარია ამ წონაში მასპინძელთა მთავარი იმედი ნაგაიამა და ფინალში აზიის ცემპიონატის პრიზიორი უზბეკი ლუტფილაევი.

ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა მეშვიდე ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

უმსუბუქეს წონაში, ტურნირის პირველ დღეს ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ამირან პაპინაშვილი გავიდა. სამწუხაროდ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი შეჯიბრს მესამე წრეში გამოეთიშა.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ ზუსტად 55 წლის წინ,  1964 წლის ოლიმპიადაზე, სწორედ ტოკიოში შედგა ძიუდოს დებიუტი. გაისად, იაპონიის დედაქალაქი, ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმს მეორედ უმასპინძლებს. ლუხუმ ჩხვიმიანმაც, მსოფლიო ჩემპიონობა 2020 წლის ოლიმპიადისთვის საგანგებოდ აგებულ „ნიპონ ბუდოკანის“ დარბაზში მოიპოვა.