ვიდრე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, ნაკრებს მიღმა მყოფ ლეგიონერთათვის ახალი საკლუბო სეზონი დაიწყო. კერძოდ, საფრანგეთის ტოპ 14 დაიწყო და თან როგორ! ბორჯღალოსნების ექს-კაპიტანმა მამუკა გორგოძემ აჟენში ორი ლელო გაიტანა და თავის „ტულონს“ გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 44:25.

მართალია, ამ მატჩის დებიუტში „აჟენი“ 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ცენტრიდან ტულონელთა მიერ თამაშში შეყვანილი ბურთის მიღებისას მასპინძელთა უკანახაზელი უხეშად შეცდა და მამუკა გორგოძემ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორედ კი ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ თავი 59-ე წუთზე ისახელა, როცა მოგებული დერეფნიდან გამოტანილ ბურთს, მიჰყვა და რაქიდან ატაცებული ბურთით ჩვეულ სტილში ლელოში შევარდა.

აღსანიშნავია, რომ „აჟენში“ ხელახალი დებიუტი კიდევ ერთ ექს-ბორჯღალოსანს ჰქონდა. ანტონ ფეიქრიშვილი 9-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა თავისი პირველი ფრანგული კლუბის შემადგენლობაში – 47-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ლელოების იშტაზე მოსულ „ტულონს“ რაღა გააჩერებდა…

ტოპ 14-ის პირველ ტურში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა, ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარია კარიერის პირველ მატჩზე პროფესიულ დონეზე. 20-წლამდელთა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე თავგამოჩენილ ლუკა აზარიაშვილს თამაშში ჩართვა 73-ე წუთზე მოუხდა, როცა მისი „მონპელიე“ „კასტრთან“ გასვლით მატჩში 20:23 მარცხდებოდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 26:25 იმარჯვეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც 19 წლის ქართველის დებიუტი იყო.

წააგო ვასილ კაკოვინის „რასინგმაც“, რომელიც საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ 17:7 ამარცხებდა ტოპ 14-ში ახალდაბრუნებულ „ბაიონს“, მაგრამ მეორე ტაიმში პარიზელთა რეზერვმა საზიზღრად ითამაშა და 17:24 წააგო. ნაკრებში წასული გურამ გოგიჩაშვილის არყოფნაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კაკოვინი 46-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მისი შემცვლელის გაძევების შემდეგ ვასოს მოედანზე დაბრუნებამ მოუწია.

„ბორდომ“ კი ჩემპიონ „ტულუზს“ უმასპინძლა და 30:25 დაამარცხა კიდეც. მასპინძელთა შემადგენლობაში ახალგაზრდა ბურჯი ლაშა ტაბიძე 56-ე წუთზე გამოჩნდა და ბოლომდეც ითამაშა.

აქვე დავძენთ, რომ ქართველთა ერთობ მცირე რაოდენობა იმით აიხსნება, რომ მათი უმრავლესობა ნაკრებში მსოფლიო თასისთვის ემზადება.

P.S. მამუკა გორგოძის თამაშის კლიპებს გთავაზობთ ბმულებზე: