მაურიციო სარის პნევმონია ანუ ფილტვების ანთება დაუდგინეს, რის გამოც მას „იუვენტუსის“ პირველი ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს.
რამდენადაც ცნობილია, იტალიელი მწვრთნელი ცუდად წინა შაბათს შეიქნა, მაგრამ მას მერე საქმეში ექიმები ჩაერიენ და მისი საქმე უკეთაა.
მეორე მხრივ, ტურინული გუნდისთვის ცუდია, რომ სარიმ მთელი კვირის ვარჯიშები გააცდინა და ახლა ზედაც ორი თამაშის გაცდენა მოუწევს.
„ბებერი ქალბატონი“ სერია A-ს პირველ მატჩს შაბათს „პარმას“ წინააღმდეგ მართავს, ხოლო მეორეში სარის ყოფილ გუნდ „ნაპოლის“ ხვდება. „პარმას“ „იუვე“ სტუმრად ეთამაშება, ხოლო „ნაპოლის“ ტურინში მასპინძლობს. ამის შემდეგ იტალიაში სანაკრებო პერიოდი დაიწყება და ჩემპიონატი შეჩერდება.
„იუვენტუსმა“ 60 წლის მწვრთნელის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლითაც გულშემატკივარს მოთმინებისკენ მოუწოდა, რათა მაურიციო სარის რაც შეიძლება მეტი დრო მიეცეს გამოჯანმრთელებისათვის. განცხადებაში წერია:
„ბოლო სამედიცინო შემოწმებამ გვაჩვენა, რომ მაურიციო სარის გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის. იმისათვის, რომ პნევმონიისგან სრულად განიკურნოს, მწვრთნელი ორ შეხვედრაში, „პარმასა“ და „ნაპოლისთან“ სათადარიგოთა სკამზე არ უნდა იჯდეს. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ მიზნით, რომ სარის, რომელიც დღესაც კი მოვიდა „იუვენტუსის“ ბაზაზე მოქმედებათა კოორდინირებისთვის, საქმეში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება რაც შეიძლება მალე მიეცეს“.
„პარმასთან“ და „ნაპოლისთან“ შეხვედრებში მოედნის კიდიდან „ბებერ ქალბატონს“ მწვრთნელის ასისტენტი ჯოვანი მარტუშიელო უხელმძღვანელებს.
მას-მედია იგონებს, რომ ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „იუვე“ ახალ სეზონს მთავარი მწვრთნელის გარეშე იწყებს. 2012-13 წლების სეზონში, ანტონიო კონტესა და მის ასისტენტ ანჯელო ალესიოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდათ მისჯილი.
ბედის ირონიით, ტურინელები მაშინაც „პარმას“ შეხვდნენ.
შვიდი წლის წინ, „იუვენტუსმა“ შტეფან ლიხტშტაინერისა და ანდრეა პირლოს გოლების წყალობით 2:0 მოიგო.