26 წლის ელგუჯა ლობჯანიძე წლეულს ყაზახეთის ჩემპიონატში შედეგიანად თამაშობდა, 5 გოლი გაიტანა და ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახა. შეცვლაზე ათამაშა კიდეც დანიასთან 1:5 წაგებულ მატჩში. ტანმაღალი თავდამსხმელი ყაზახეთის “ტარაზში” თამაშობს მცველ ლაშა კასრაძესთან ერთად. ცენტრფორვარდის პრობლემა კი საქართველოს, ნუ იტყვით… მხოლოდ ნიკა კაჭარავა თამაშობს და ისიც ჯერ ამხანაგურებში. გიორგი ქვილითაიას გენტში პრაქტიკა არ აქვს, ლევან მჭედლიძე უკლუბოდაა.

თვეზე მეტია, ლობჯანიძე აღარ თამაშობს და შევეხმიანეთ:

ნაკრებს უახლოესი მატჩი 5 სექტემბერს აქვს, თურქეთში ამხანაგურად შეხვდება სამხრეთ კორეას, 8–ში კი თბილისში დანიას უმასპინძლებს: ეს უკვე შესარჩევში.

„მუხლის მკურნალობა და ინდივიდუალური ვარჯიშები გავიარე, გუნდს შევუერთდები ორშაბათს, თუმცა გამიცდა  გარკვეული პერიოდი და თამაშები. ნაკრების ექიმი საქმის კურსშია და მასთან შეთანხმებით გადაწყდება ეს საკითხი”.

რაც შეეხება დანიასთან წაგებას.

„დანია ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ანგარიში შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო. მსაჯებმაც ცუდად იმსაჯეს და დანიას რომ ეს პლუსიც დაემატება, ცხადია, ანგარიშიც შესაბამისი იქნება. სამწუხაროდ, მანამდე მიკროტრავმის გამო ვერ დავეხმარე ნაკრებს პირველ თამაშში და მეორეშიც ბოლომდე მზად ვერ აღმოვჩნდი“.

ლობჯანიძე თამაშობდა „ვიტ ჯორჯიაში”, „შუქურაში”, ბათუმის „დინამოსა” და „რუსთავში”. უცხოეთიდან კი, რუსეთის „ორენბურგსა” და აი, ახლა „ტარაზში”. ვკითხეთ, ფორვარდისთვის საქართველოში უფრო რთულია თამაში თუ ყაზახეთში.

„მე საქართველოში უფრო მიჭირდა. რაღაც ფაქტორები მოქმედებს. რაც შეეხება ყაზახეთს, ფორვარდისთვის ზოგადად  რთულია, იმიტომ რომ დიდ აქცენტს აკეთებენ დაცვაზე … ყველა გუნდს ფიზიკურად ძლიერი მაღალი და გამოცდილი მცველები ჰყავს, თუმცა მე პირადად  საქართველოზე მეტად აქაურობას ვერგები“.

თანაგუნდელ ლაშა კასრაძეზე:

„ძლიერი და გამოცდილი მცველია, ყაზახეთში დიდად აფასებენ“.

ლობჯანიძეს ვკითხეთ, თუ ჰქონდა კარიერაში საკვანძო მომენტი, როცა შეეძლო სხვაგვარად გადაეწყვიტა საკითხი და უფრო კარგი კარიერა ჰქონოდა.

„კი მქონდა და უნდა წავსულიყავი… თუმცა კონტრაქტი მქონდა ქართულ კლუბთან. მაინც შეიძლებოდა წასვლა მიუხედავად კონტრაქტისა. უბრალოდ, ის გუნდი რჩებოდა ფორვარდის გარეშე. გუნდში ჩემი მენეჯერი იყო და დავრჩი. ლატვიის ვარიანტი იყო: რიგა. იმ მომენტში ჩემთვის იდეალური იქნებოდა წასვლა. ამ ქართული გუნდის დასახელებას კი მოვერიდები“.

და ახლა თუ აქვს შემოთავაზებები, ელგუჯამ ასე გვიპასუხა:

„შემოთავაზებები იყო ყაზახეთიდან, თუმცა კონტრაქტი ზამთრამდე მაქვს და ფულის გადახდას ურჩევნიათ, რომ მოიცადონ“.

ზოგადად კი, ელგუჯას მოსწონს ყაზახეთში თამაში:

„კარგი ჩემპიონატია ყველანაირი პირობით. რუსეთს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც“.