რამდენიმე დღეც და ჩოგბურთის ქომაგები ნირვანაში გადაეშვებიან. სამეფო სპორტის მილიონობით გულშემატკივრიდან ვისაც გაუმართლებს და ექნება ბედნიერება ბილი ჯინ კინგის უნიკალურ კომპლექსში მატჩებს თვალ-ყური ადგილიდან მიადევნონ უკეთეს, ალბათ, ვერც ინატრებენ, უმეტესობას კი პოპკორნის მომარაგება და ტელევიზორის წინ რბილ სავარძელში ყოფნა მოუწევს.

მოკლედ, 26 აგვისტოს,  ნიუ ორკში წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება – ამერიკის ღია პირველობა იწყება, რომლის მოქმედი ჩეპიონიც ნოვაკ ჯოკოვიჩია. რა თქმა უნდა US Open-ზე იქნებიან როჯერ ფეფერერი და რაფაელ ნადალიც.

ჩვენ განსაკუთრებულ ინტერესს კი რა თქმა უნდა ნიკოლოზ ბასილაშვილი იწვევს, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე განთესილთა შორის პირველად მოხვდა. ორგანიზატორებმა ჩვენებურს მე-17 განთესვა მიანიჭეს. და პირველი მეტოქეც უკვე ცნობილია. წილისყრამ ბასილაშვილს მარტონ ფუქსოვიჩი არგუნა. ბასილაშვილისთვის და ჩოგბურთის ქართველი ქომაგისთვის უნგრელი ჩოგბურთელი უცხო ნამდვილად არ გახლავთ. ფუქსოვიჩი ნიკასთვის აშკარად უხერხულ მეტოქედ იქცა, რაზეც ურთიერთშეხვედრების ანგარიშიც ნათლად მეტყველებს – 5:2. საინტერესოა, რომ ქართველი და უნგრელი მეჩოგნეები წლეულს კორტზე ერთმანეთის პირისპირ 4-ჯერ დადგნენ და აქედან სამჯერ ფუქსოვიჩმა იმარჯვა. ერთადერთი გამარჯვება ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მოიპოვა.

იმედია, ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონში ფუქსოვიჩთან მეორე გამარჯვებას სწორედ ნიუ იორკში მოიპოვებს. პირველი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მისი სავარაუდო მეტოქე ტომაშ ბერდიხი იქნება. გამოცდილ ჩეხ ჩოგბურთელთან გამარჯვების გემო ნიკას ერთხელ უკვე გასინკული აქვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე შარშანდელი 180 ქულაც დასაცავი აქვს, რომელიც მან მერვედფინალში გასვლით გაინაღდა. რაფაელ ნადალთან ის დაძაბული დაპირისპირება, რომელშიც ბასილაშვილმა მრისხანე ესპანელს სეტიც კი წაართვა ალბათ კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.

ბასილაშვილის და ფუქსოვიჩის დაპირისპირება 26 აგვისტოს გაიმართება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ უინსტონ სალემში დაწყებულ პრესტიჟულ ტურნირზე თამაშისგან თავი შეიკავა, სადაც ორგანიზატორებს ის პირველ ნომრად უნდა განეთესათ. ნიკამ, US Open-ისთვის დასვენება და ძალების აღდგენა ირჩია, რაც იმედია ფუქსოვიჩთან და მომდევნო მეტოქეებთან მატჩებისას ჩვენიანის თამაშზე სასიკეთოდ აისახება.