კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე.

ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან ბევრმა სიტუაციის არსი იცის და ჩოგბურთელის დამრიგებელსაც  ღიმილით უქნევენ თავს.

18 წლის სამხრეთკორეელ ჩოგბურთელზე ლი დაკ ჰიზე მოგახსენებთ, რომელიც დაბადებიდან ყრუა. ის ჟურნალისტის და დიასახლისის ოჯახში დაიბადა. მშობლები მას შემდეგ ანერვიულდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როდესაც თვეების ბიჭს ღამით, სახლის ფანჯრებთან ახლოს, სატვირთო მატარებლის გრუხუნით ჩავლაზეც კი არ ეღვიძებოდა. გასინჯვის შემდეგ, ექიმებმა მომავალი ჩოგბურთელის მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვს სმენა არ ჰქონდა და ვერანაირი ყურის აპარატი ვერ უშველიდა. ეს უეცარი და დიდი შოკი იყო, მაგრამ რაღა გაეწყობოდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.

„ჩემი ძმა მოყვარული ჩოგბურთელი იყო. როდესაც ლი 7 წლის იყო, მან გადაწყვიტა ის გართობის მიზნით თავის ვარჯიშზე წაეყვანა. ბავშვი ისე მოიხიბლა ჩოგბურთით, რომ მომდევნო თვეებში მას სახლში იშვიათად ვხედავდი. სულ ბიძამისზე იყო ჩამოკიდებული და ჩოგბურთზე წაყვანას თხოვდა,“ – ამბობს ლი დაკ ჰის მამა.

მოკლედ, ლი ჩოგბურთით „მოიწამლა“ და 12 წლის ასაკში, აშშ-ში პრესტიჟული ტურნირი მოიგო, რომლის ორგანიზატორიც ედი ჰერი იყო. წლების წინ, ამ ტურნირზე ისეთ ჩოგბურთელებს უთამაშიათ და მოუგიათ, როგორებიც არიან როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, მარია შარაპოვა და ანა ივანოვიჩი. ლიც ჰერის აკადემიაში დაიტოვეს, რადგან მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

14 წლის ლი კი უკვე ფიუჩერსებს გაუშინაურდა და პირველი მეტ-ნაკლებად პრესტიჟული ტურნირი 16 წლისამ ჰონკონგში მოიგო. ამ მაჩვენებლით ის გასკეს, ანჩიჩის, რუბლევის, ჯოკოვიჩის და ნადალის შემდეგ გახდა მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ფიუჩერსზე იჩემპიონა.

ლი, მწვრთნელებთან ჟესტების ენით ურთიერთობს. ის ასევე აკვირდება ტუჩების მოძრაობას და ასე ხვდება თუ რა სურს მისგან დამრიგებლებს. „როდესაც თამაშის დროს, ჩოგნის ბურთზე  დარტყმის ხმა არ გესმის, ჩოგბურთელისთვის უდიდესი დისკომფორტია. ეს იგივეა, კორტზე ყურსასმენებით გამოხვიდე,“  – ამბობს ლის მწვრთნელი.

ლის კოლექციაში უკვე 8 მოგებული ფიუჩერსია. 2013 წლეს მან ასევე მონაწილეობა მიიღო „უიმბლდონის“ ახალგაზრდულ ტურნირზე, ხოლო 3 წლის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„ეს ბიჭი გასაოცარ რაღაცეებს აკეთებს. მისით მოხიბლული ვარ,“ – თქვა რაფაელ ნადალმა, რომელმაც სამხრეთკორეელ მეჩოგნესთან რამდენჯერმე ივარჯიშა.

„თავს ინვალიდად არ ვთვლი. უფრო მეტიც – ვთვლი, რომ რაღაც მომენტში გამიმართლა. სიყრუე მეტოქეებთან გარკვეულ უპირატესობასაც კი მიქმნის. ეს სპეციფიური საჩუქარია, “ – აღნიშნავს ლი.

2016 წელს ლი სამხრეთ კორეის მეორე ჩოგანი გახდა, ხოლო რეიტინგში ტოპ 200-ში შეაბიჯა, ხოლო 2015 წელს, ATP-იმ წლის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელის პრიზი გადასცა.

ლის არ უნდა აჩქარება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამიტომაც არ ჩქარობს პრესტიჟულ ტურნირებზე და მასტერსებზე გამოჩენას და გარკვეულ ხანს ისევ ფიუჩერსებზე თამაშს ამჯობინებს.

ლი თითქოს ჩოგბურთის ბეთჰოვენია. კორტზე თანდათან, მოთმინებით ამატებს საჩოგბურთო ნოტს, რათა „მთვარის სონატასავით“ გააკვირვოს სამყარო.