
ოლე გუნარ სულშერმა პოლ პოგბასა და მარკუს რეშფორდის საპენალტე დავა გადაჭრა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა პოგბას თერთმეტმეტრიანების დარტყმა აუკრძალა. ამიერიდან გუნდის პენალტისტი, როგორც ჩანს, მხოლოდ მარკუს რეშფორდი იქნება.
პრობლემა პრემიერლიგის მეორე ტურში, ვულვერჰემპტონის სტადიონ „მოლინოდან“ წამოვიდა. 1:1 იყო, როდესაც „იუნაიტედის“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. პოგბამ რეშფორდს დარტყმა არ დაანება, არადა პირველ ტურში, „ჩელსის“ წინააღმდეგ სწორედ რეშფორდმა შეაგდო თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. ფრანგის დარტყმული „ვულვზის“ მეკარე რუი პატრისუმ მოიგერია და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორი ქულა დაკარგა.
სულშერი უკმაყოფილო იყო, რომ მის მიერ პენალტისტებად დანიშნულმა მოთამაშეებმა წინასწარ ვერ შეათანხმეს, რომელს უნდა დაერტყა თერთმეტმეტრიანი „ვულვზთან“ შეხვედრაში და იკამათეს კიდეც, არა მე და არა მეო.
„იუნაიტედის“ ნორვეგიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელები საჯაროდ არ გააკრიტიკა, მაგრამ გასახდელში ორივე კარგად შეჯორა და პოგბას, რომელმაც ბოლო ცხრა პენალტიდან ოთხი ვერ გაიტანა, დარტყმის უფლება ჩამოართვა.