ლეგენდარულმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა, ძველი დრო გაიხსენა, როდესაც ის „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა. ეს იყო 2002-04 წლებში. 2003 წელს კი „ოლდ ტრეფორდზე” კრიშტიანუ რონალდუ მივიდა.

როგორ ახსენდება ფორლანს რონალდუ? როგორც საშინლად პრანჭია კაცი. 40 წლის ვტერანი იგონებს: „ის პირწავარდნილი ეგოცენტრისტი იყო. გაცილებით დიდი ეგოცენტრისტი, ვიდრე დევიდ ბექემი. ბექემი ხშირად ბუნებრივად იქცეოდა, ის კი არასდროს. გვინახავს როგორ გასულა ბექემი გასახდელიდან დაუვარცხნელი, რონალდუს კი ასეთი რამ ერთხელაც არ მოსვლია. მას სულ სარკესთან უნდოდა ტრიალი. ის მთელ დღეებს სარკის წინ ატარებდა”.

ინტერვიუში, რომელიც ფორლანმა „ფოქს სპორტ რადიოს” მისცა, საუბარი „მანჩესტერ იუნაიტედის” გასახდელში მომხდარ „ბუცის სროლის” ცნობილ ეპიზოდსაც შეეხო. ლაპარაკია კონფლიქტზე, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა დევიდ ბექემს ბუცით წარბი გაუხეთქა. ეს მოხდა 2003 წელს, „არსენალთან” ფეხბურთის ასოციაციის თასზე დამარცხების შემდეგ. დიეგო ფორლანი ამ ჩხუბის თვითმხილველია:

„გასახდელში ბექემმა და ფერგიუსონმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დაიწყეს. ერთი მეორეზე უარესს ამბობდა, ყოველი მოროგი სიტყვა წინაზე მწარე იყო და ორივეს უნდოდა ბოლო სიტყვა მას დარჩენოდა. საბოლოოდ, ფერგიუსონმა დათმო და გატრიალდა, უკვე გასვლას აპირებდა, მაგრამ ბექემმა ამ დროს კიდევ რაღაც თქვა. აქ, მწვრთნელმა მოთმინება დაკარგა, შემობრუნდა და იქვე დაგდებული ბუცი დაინახა. ფერგიუსონმა ბუცს ფეხი ბექემის მიმართულებით დაარტყა. ბუცი ბექემს წარბში მოხვდა, სისხლი მოთქრიალებდა. ჩვენ გაოგნებულები ვუყურებდით. არ გვჯეროდა, რომ ასეთი რამ მართლა ხდებოდა. ეს ორი კი მზად იყო ერთმანეთს დატაკებოდა. როი კინმა და რუუდ ვან ნისტელროიმ გააშველეს”.