საერთოდ, ინგლისელი ფეხბურთელები ნაკლებად მიყვარს. ერთადერთი, ვისი თამაშიც მომწონდა და პიროვნულადაც მესიმპატიურება ფრენკ ლემპარდია. ტექნიკა, ინტელექტი, უამრავი გოლი – ეს მისი დამახასიათებელი ნიშნებია. ამ კაცის ხათრით ,,დერბის“ თამაშებს ვუყურებდი, მაინტერესებს ეს ჭკვიანი ბიჭი რამდენად დიდი მწვრთნელი გახდება.

ერთი რამ ცხადია, უნდო „ჩელსიში“ ლემპარდს ძალიან დიდი ნდობის ლიმიტი ექნება. საერთოდ, მგონია, რომ ამ კლუბში მასზე უფრო დიდ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. ფრენკიმ ჩემპიონშიპში უკვე დაამტკიცა რომ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლია და, ისიც, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

ინგლისში ყველა გუნდი ბოლომდე რომ იბრძვის, ეს სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა, საკამათო აზრს დავწერ — ,,ჩელსი“ ,,მანჩესტერთან“ (0:4) უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ,,ლესტერთან“ (1:1) შეხვედრისას. ,,წითელ ეშმაკებთან“ ყველაფერს უიღბლობაც დაერთო, ბურთი ორჯერ ხარიხას გაარტყეს, უტევდნენ… ,,მანჩესტერმა“ კი კარის ჩარჩოში სულ ხუთჯერ დაარტყა და აქედან 4 გაიტანა…

ლემპარდმა გრანდთან შეხვედრის დროს სიტყვები მარტივად იპოვნა. ის სულით ლიდერია და ფეხბურთელებმა მისი განწყობა შეითვისეს. პატარა „ლესტერთან“ კი ძალიან გაუჭირდათ. საერთოდაც, ამ თამაშში გამარჯვებას თუკი ვინმე იმსახურებდა, ეს სწორედ „მელიები“ იყვნენ. შესაძლოა, ეს მატჩი ევროპის სუპერთასის მარცხის გამოძახილია, თუმცა მწვრთნელის მოვალეობაც ხომ სწორედ ის არის, რომ ფეხბურთელები სათანადოდ განაწყოს.

ამ ტექსტის მიზანი მხოლოდ კრიტიკა არ არის. სეზონის სტარტი ბევრ სახელოვან მწვრთნელს ჩაუგდია. ინგლისელი კი იმითაც ფასობს, რომ მომავლისკენ იყურება და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ნიჭიერ ახალგაზრდებსაც ათამაშებს. ძირითად შემადგენლობაში მაუნტის, აბრაჰამისა და ზუმას დაყენება დიდი რისკია, თუ ვერ გაამართლებენ პასუხიც შენ მოგეთხოვება. თან იმ ფონზე, როცა ზუმასთვის გუნდიდან დავიდ ლუისს უშვებ.

საბედნიეროდ, ფრენკი სახლშია, სადაც უყვართ და ენდობიან. ეს სწორედ ის ადგილია, მის სახელს რომ ვერანაირი წარუმატებლობა ვერ გადაფარავს. შესაძლოა ხვალ ყველაფერი გამოსწორდეს და ამ პატარა ბიჭებმა დიდი ფეხბურთი ითამაშონ.

ჩვენც ასე გვინდა. ნეტავ ასე მოხდეს. ლემპარდის ხათრით.