
რაინერ შუტლერი ჩოგბურთის მოყვარულთათვის უცხო არ უნდა იყოს. ავსტრიელი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერა 2012 წელს დაასრულა ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქე იყო და ATP-ის 8 ტურნირის ჩემპიონიც გამხდარა, ხოლო 2003 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშიც კი გააღწია.
43 წლის შუტლერმა ერთი პერიოდი მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ის სერგეი სტახოვსკის, ვასეკ პოსპიშილს და ანჟელიკ კერბერს ავარჯიშებდა, თუმცა მოგვიანებით სამშენებლო ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა და მაგარ შარშიც გაეხვა.
შუტლერმა საკუთარი კომპანია Renniasaince Real Estate დააარსა, რომელიც მხოლოდ ავსტრიაში არ ფუნქციონირებდა. კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ანხორციელებდა, ერთ-ერთი კი ბუენოს აირესი იყო, სადაც მოხდა კიდეც დიდი ფულის გათეთრება.
ამბობენ, რაინერ შუტლერს მაქინაციებთან კავშირი არ ჰქონია, სუფთაა და ვირეშმაკობა ვინმე ჰოლგერ ფრიდრიხმა ჩაიდინაო, რომელიც შუტლერს კომპანიის დირექტორად ჰყავდა დანიშნული და ამავდროულად მისი ბიზნეს პარტნიორიც იყო. მან სქემა შეადგინა და არგენტინის დედაქალაქში, დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე ბინა 30 ადამიანს მიჰყიდა, შემდეგ კი ქვეყანა დატოვა. ამ მაქინაციის შედეგად შუტლერის კომპანია 3 მილიონი დოლარით დაზარალდა.
დირექტორის გაუჩინარების შემდეგ, დაზარალებულებმა პასუხი მფლბელს ანუ რაინერ შუტლერს მოთხოვეს. ყოფილი ჩოგბურთელით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ. შუტლერმა კომპანიის, აწ უკვე ყოფილი დირექტორის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ახლო წარსულში გამოჩენილ ჩოგბურთელს სასამართლოს დასრულებამდე პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.
პურზე და მეპურეზე ერთი ქართული ანდაზის არ იყოს, ვგონებთ ისეა ახლა შუტლერის საქმე. აკეთე ის რაც კარგად გამოგდის. ჩოგბურთის მწვრთნელობის გამო არა გვგონია რაინერ შუტლერს საქმე საციხოდ გახდომოდა.