გახსოვთ კრისტიან ტელო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ 7:1 „ლევერკუზენთან“. მაშინაც მოედანზე მთავარი კაცი ლეო მესი იყო. 5 გოლი ერთ მატჩში და რეკორდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე… თუმცა, არგენტინელთან ერთად, 2012 წელს გამართულ შეხვედრაში ერთ ახალგაზრდა ბიჭსაც შეამჩნევდით.

მაშინ 22 წლის ფეხბურთელმა გერმანელებს დანარჩენი ორი გოლი გაუტანა და უმალ აჟიოტაჟი ატყდა. რას არ წერდნენ ესპანეთში. ოქროს ბურთის მომავალ კანდიდატადაც შერაცხეს, თუმცა…
ტელოს კარიერა ვერ აეწყო. ტრავმები, კონკურენცია მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კლუბში და გაუთავებელი განათხოვრება.

იყო „ფიორენტინა“, „პორტუ“ და ახლა „ბეტისი“, რომელმაც კატალონიელებს 4 მილიონი ევრო გადაუხადა და თავდამსხმელი გამოისყიდა.

ტელო ლა ლიგაში სტაბილურად ათამაშდა. წინა სეზონში ანდალუსიურ კლუბში 5 გოლი გაიტანა და 9-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა, თუმცა როგორც ჩანს, 28 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში ფეხს მაინც ვერ მოიკიდებს.

თუ ფეხბურთელის აგენტ ხოსე მარია ორობიტს ვერწმუნებით, ტელო მალე რუსულ „კრასნოდარს“ შეუერთდება. მოლაპარაკებები დაწყებულია და თუ ამ ზაფხულს ვეღარ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას კრისტიან ტელო რუსული კლუბის მაისურას მოირგებს, ყუბანელები კი მასში 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ჩვენი მეზობლები, რომლებიც უკვე ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში შესვლაზე პრეტენზიას აცხადებენ და ჩემპიონთა ლიგაშიც 3 გუნდით წარსდგებიან, კიდევ უფრო ძლიერდებიან. შურლე, მალკომი, ტელო, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კი 11 დღე რჩება…