მაშ ასე, „ბაიერნმა“ „ბარსელონასგან“ ფილიპე კოუტინიუ გადაიბირა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წლით. იჯარით. გასიად ამ დროს კი გერმანიის რეკორდმაისტერს საშუალება ექნება 120 მილიონ ევროდ მას ნაღდი კონტრაქტი გაუფორმოს.

მიუნხენში ბრაზილიელის შეძენა ახარებთ, ესპანეთში კი მის მიერ „ბარსაში“ გატარებულ პერიოდს იხსენებენ და ერთგვაროვანი დასკვნის გაკეთება უჭირთ.

კატალონიურმა გაზეთმა სპორტმა კოუტინიუს ანალიზი მიუძღვნა, სადაც თავიდან გაიხსენა, რომ როდესაც „ბარსელონამ“ ის „ლივერპულისგან“ შეიძინა, ბრაზილიელს მსოფლიო კლასის ფეხბურთელის სტატუსი ჰქონდა და მის გამორჩეულ ნიჭს მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა.

გაზეთი იხსენებს, რომ კოუტინიუ „ბარსაში“ გადაიყვანეს, როგორც მოთამაშე, რომელსაც ლეგენდარული ანდრეს ინიესტა უნდა შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ მისი ტრანსფერი 2017-18 წლების შუაში ანუ 18-ის იანვარში განხორციელდა. „ბლაუგრანამ“ „ლივერპულს“ 145 მილიონი ევრო გადაუხადა.

თავიდან, კოუტინიუ თითქოს ამართლებდა იმედს — სეზონის ბოლოსთვის 8 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა. „სპორტის“ თანახმად, უარყოფითი როლი იმან ითამაშა, რომ ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელს ინიესტას ადგილას კი არა, შეტევის მარჯვენა ფრთაზე ათამაშებდა, ეს პოზიცია კი ფეხბურთელისთვის წამგებიანი იყო.

2018 წელს ინიესტა „ბარსელონადან“ წავიდა ანუ კოუტინიუსთვის ის ადგილი, რომლის გამოც თითქოსდა იყიდეს, მთლად გათავისუფლდა, მაგრამ ვაგლახ — ვალვერდემ ის მაინც არ ათამაშა ამ პოზიციაზე.

და აი, სწორედ აქ პოულობს „სპორტი“ საყვედურის მიზეზს: ნაცვლად იმისა, რომ მწვრთნელთან შესულიყო, „მაგიდაზე მუშტი დაერტყა“ და თავისი პოზიცია კატეგორიულად მოეთხოვა, კოუტინიუ მას საერთოდ არ დალაპარაკებიაო. მორიდება და დამოკიდებულება – „ვინ სად ითამაშებს მწვრთნელის გადასაწყვეტია“, ყოფილ ლივერპულელს სისუსტედ ჩაუთვალეს.

კიდევ ერთმა კატალონიურმა გაზეთმა „ლა ვანგუარდიამ“ ისიც კი დაწერა, კოუტინიუს მყიფე ფსიქიკა აქვსო.

დაწერეს აგრეთვე, რომ უნიკალური ტექნიკის მქონე ფეხბურთელი დარბაზში, ტრენაჟორებთან ატარებდა ძალიან დიდ დროს.

რაც შეეხებათ თანაგუნდელებს, თურმე ბრაზილიელს თანადგომა მხოლოდ ლეო მესიმ და ლუის სუარესმა გამოუცხადეს. სხვებს კოუტინიუს მხარდასაჭერად თავი მაინცდამაინც არ მოუკლავთ.

საინტერესოა, როგორ შეეგუება ფილიპე კოუტინიუ „ბაიერნს“.