ფრენკ ლემპარდმა „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი ქულა მოიგო, მაგრამ თავს უარესად გრძნობს, ვიდრე პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წაგების შემდეგ გრძნობდა.

„სტემფორდ ბრიჯზე“, „ლესტერ სიტიმ“, ვილფრედ ნდიდის მიერ ლურსმანივით ჩაჭედებული თავურით გაქვითა მეისონ მაუნტის გახსნილი ანგარიში — 1:1.

ლემპარდმა თქვა: „უცნაურია, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ გაცილებით უხასიათოდ ვარ, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშის შემდეგ ვიყავი. არადა, იმ შეხვედრაში 0:4 წავაგეთ. მაგრამ, არის მომენტები, როდესაც ერთად უნდა ვიყოთ. უნდა შევიკრათ.

მეორე ტაიმში „ლესტერს“ ბევრი სივრცე დავუთმეთ, ამ გუნდს კი ჰყავს ოსტატები, რომელთაც შეუძლიათ ვნება მოგაყენონ. ჩემი ფეხბურთელებისგან ნამდვილად არ ვითხოვ 90 წუთის განმავლობაში საათში 160 კილომეტრის სისწრაფით სირბილს, მაგრამ იმაზე უკეთეს ბურთის ფლობას, რაც დღეს ვნახეთ, ნამდვილად ვავალდებულებ“.

ფეხბურთელობისას ფრენკ ლემპარდმა „ჩელსის“ მაისურით 11 მთავარი ჯილდო მოიგო. მან კარიერაში 211 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მწვრთნელის რანგში ეს მისი პირველი თამაში იყო „სტემფორდ ბრიჯზე“.

„მშობლიურ კედლებში დაბრუნება, რასაკვირველია უდიდესი მომენტი გახლდათ, მაგრამ მთელი გონებით კონკრეტულ თამაშზე ვიყავი გადართული, მოგებას ვცდილობდი და ემოციისთვის არ მეცალა. ფანებს პატივს ვცემ, მაგრამ აქ საქმისთვის ვარ და ვფიქრობ, რომ დიდი შედეგების მიღწევა შეგვიძლია; უფრო დიდის ვიდრე აქამდე მიგვიღწევია“.

შემდეგ, ლემპარდმა თქვა, რომ მისი გუნდი სტამბოლში გამართული უეფას სუპერთასის შემდეგ, დაღლილი იყო. ის შეხვედრა დაძაბული გამოდგა, საქმე პენალტებამდე მივიდა და ბოლოს, „ჩელსის“ „ლივერპულმა“ აჯობა.

ლემპარდი: „ზოგადად, დაღლილობით თავის გამართლება მძულს, მაგრამ „ლესტერთან“ შეხვედრის მეორე ტაიმში სწორედ ამ ფაქტორმა იჩინა თავი. გუშინ ვუყურე „ლივერპულსაც“ („ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ მოუგო 2:1) და მინდა გითხრათ, რომ ისინიც მძიმედ იყვნენ. 120 წუთიანი თამაში, ემოციები, დამქანცველი მგზავრობა — შინ დილის 5 საათზე დავბრუნდით… ეს ყველაფერი დამღლელია“.

ბოლოს კი მწვრთნელმა 20 წლის მეისონ მაუნტის თამაშზე ილაპარაკა: „ის მართლაც კარგი იყო. ხალხის ჩასაკეტად ენერგია არ აკლია და შეტევის დაგვირგვინებაც ჩინებულად ეხერხება. ვიცი, გულდაწყვეტილი იქნება, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა“.