„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩება, მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა კი გოლების რაოდენობა უნდა გაზარდონ.

პოგბაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ „რეალში“ გადადიოდა, რასაც სულშერი მთელი ძალითა და ღონით ეწინააღმდეგებოდა.

„მე თუ მკითხავთ, ის რჩება, — თქვა ნორვეგიელმა „ვულვერჰემპტონთან“ დღევანდელი შეხვედრის წინ, — პოლის გამო სრულიად არ ვნერვიულობ. ჟურნალისტები სულ მის შესახებ მეკითხებით და ეს გასაგებიცაა, რადგან პოლი ისეთი კაცია, რომლის გარშემო ყოველთვის კითხვის ნიშნებია, მაგრამ ის მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებს: რომ აქ თამაში სიამოვნებს, აქაური თანაგუნდელები მოსწონს, თავისი საქმე უყვარს და ა.შ.

ჩემი პრეს-კონფერენციების 80 პროცენტი პოგბას შესახებ კითხვის გარეშე არ მთავრდება, მაგრამ, პასუხები ერთფეროვანი გამოდის: მას სიამოვნებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში, მას აქაური გარემო სიამოვნებს და სხვა“.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სულშერმა მარსიალისა და რეშფორდის შესახებაც ილაპარაკა. საინტერესოა, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში, როდესაც „იუნაიტედმა“ „ჩელსის“ 4:0 მოუგო, სამი გოლი სწორედ მარსიალმა და რეშფორდმა გაიატანეს, მაგრამ მწვრთნელს ეს არ აკმაყოფილებს.

„მინდა, რომ ორივეს მეტი უბრალო გოლი გაქონდეს. ასეთებს განსაკუთრებული ვარჯიში არ სჭირდება, ცოტა მეტი სწორი მოძრაობა უნდა და სულ ეს არის. მარსიალმა და რეშფორდმა სეზონში ხუთ-ხუთი ასეთი გოლი რომ წაამატონ, გუნდს ჯამში ათი გოლით მეტი გამოუვა გატანილი“, — თქვა სულშერმა.