ქართული ფეხბურთის შემოდგომა ისევ ზაფხულში დადგა. ისღა დაგვრჩენია, ევროასპარეზზე ლუქსემბურგელების, სომხების, ლიეტუვოელების, ლატვიელების, კვიპროსელების კალიბრითთა სწორთა მათთა ვაჟკაცობა ვაშუქოთ.
მიზეზის პოვნას რა უნდა? ქუთათურებს პრობლემები მიეძალათ,თბილისელებს და საჩხერელელებს წილისყრამ ძლერი მეტოქეები არგუნა, „საბურთალომ“ კი სამივე საშინაო წააგო.
ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია თავი მოიწონოს, რომ ასეთი კოეფიციენტი კარგა ხანია, არ გვქონია.
არითმეტიკაში ვერ მიედავები – მართლა ეგრეა, მაგრამ ქომაგს ჯგუფური ეტაპი ან ფლეი-ოფი მაინც უნდა.
არ ღირს დაფიქრებად, რომ პრობლემა ერთი კლუბის კონკრეტულ საკადრო ან ფსიქოლოგიურ საკითხებში იმალება?!
პრობლემა სისტემურია. ერთწლიანი გუნდები, კაპაკებად გაყიდული ან სულაც გაჩუქებული ტალანტები, როცა იცი, რომ საჩუქრებს ასე არ არიგებენ. მერე გული გწყდება, რომ შენ იცი და ვინც პირველ რიგში უნდა იცოდეს, თვალს ხუჭავს. ჰოდა ვართ ასე, აგვისტოდან სხვისი ფეხბურთის შემყურენი და ჩვენი გუნდების უქმობის ჟამს დიდებულ წინაპრებზე მოუბარნი.
შეცვლა კი ვერაფრისა შევძელით. პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ყველას ვეძმაკაცებით და წყენინება არ გვინდა. ყველა ახალ უფროსობას კვერს ვუკრავთ, ჩემპიონატის ყველა ახალ ფორმატს ხანგრძლივი და მქუხარე ტაშით ვეგებებით… მერე?
მერე ფლეი-ოფში ლუქსემბურგი და სომხეთი თამაშობს. კლუბები არაფერ შუაშია. სისტემაა შესაცვლელი. იქნებ გაგახსენოთ, თბილისის „დინამოს“ როგორ დააკლდა ოცი წუთი ჯგუფურ ეტაპამდე? ან როგორ გავიდა ის – გაცილებით მშიერი „დინამო“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე? ქართული ფეხბურთი 30 წელია საუკეთესო ნაშიერებს კლავს.
მოფრთხილება და მოფერება ვერ ვისწავლეთ.
ააა, ეგ სხვების დროს იყო? თასების თასი და სსრკ-ის ჩემპიონობაც სხვების დროს იყო და დღემდე ყველა ვიბრალებთ…
გულს მწარედ ხვდება – რატომ უნდა ვუქომაგო ევროპის ლიგის ფლეი ოფში ლუქსემბურგელებს?
P.S. ევროპის ლიგის ფლეი ოფში „საბურთალოს“ მძლეველი „არარატ – არმენია“ ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ შეხვდება და გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

წილი
წინა სტატიამოითმინეთ ხანდახან…
შემდეგი სტატიაჰაბიბმა კონორი ციხეში გაუშვა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".