სულ ორი კვირაა, რაც ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. კლუბის თანამშრომლებმა ინგლისელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მოედანს მიღმა, ასე ვთქვათ, გასახდელში, 80 მილიონ გირვანქად ნაყიდ მცველს უკვე გვარიანი ავტორიტეტი და გავლენა აქვს.
26 წლის მაგუაირი და მისი ახალი გუნდი (რომლის საშუალო ასაკი 24 წელია), პრემირლიგის პირველ ტურში, „ჩელსისთან”, დაფრინავდა მოედანზე. მოგეხსენებათ, ეს თამაში მანჩესტერელებმა 4:0 მოიგეს. ამ შეხვედრის შემდეგ „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ ყოფილი ლესტერელი ვარჯიშების დროსაც ყოჩივით იქცევა, თანაგუნდელებს აქეზებს და ახალისებს.
„იუნაიტედის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა „სანს” უამბო: „ასეთი ლიდერი ჩვენს გუნდს ბოლო პერიოდში აღარ ჰყოლია. მისმა გამოჩენამ ფეხბურთელებზე მყისიერად იმოქმედა. მან დაცვის ხაზს დიდი რწმენა შემატა არა მარტო თამაშით, არამედ სიტყვითაც. ახლა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” თავს იცავს, სტანდარტული მდგომარეობების დროსაც კი უფრო თავდაჯერებული ჩანს”.
„მანჩესტერ იუნაიტედში” დებიუტის შემდეგ ჰარი მაგუაირს პოლ პოგბამ „მხეცი” უწოდა.
ოლე გუნარ სულშერი: „ნებისმიერი წარმატებული გუნდის საფუძველი ძლიერი დაცვაა. შენება დაცვიდან იწყება. ნათქვამია, თამაშის მოსაგებად უფლება უნდა მოიპოვოო. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვა უნდა გყავდეს ძლიერი, გული უნდა გქონეს საგულეს, გუნდი დალაგებული უნდა იყოს.
იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში მცველთა ოთხეულის ხშირი ცვლილება არ დაგვჭირდება. ბოლო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედს” რომ ვუყურებდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ აქ თამაშობდა ბევრი უიღბლო ადამიანი, რომლებიც მალილამ შავდებოდნენ. როგორც ჟოზე (მოურინიუ) ისე ლუისი (ვან გაალი) და შეიძლება დევიდიც (მოიესი) იძულებულები იყვნენ ხშირად ეცვალათ უკანახაზელთა ოთხეული. ვიმედოვნებ, რომ ჩემი უკანა ხაზი სტაბილური იქნება”.