როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ლუკ შოუ ეწოდება?

აი, უკვე ხუთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „იუნაიტედმა” სიხარულით გამოაცხადა, რომ პრემიერლიგელ კონკურენტებს ვაჭრობაში აჯობა და ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ლუკ შოუ შეიძინა. იმხანად, მარცხენა მცველი „საუთჰემპტონში” დაფრინავდა, „მანჩესტერ იუნაიტედში” კი პატრის ევრას ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. შესაბამისად, როდესაც შოუ „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა, ყველას ეგონა, რომ გუნდს ახალი ვარსკვლავი შეემატა. მაგრამ, აი, გავიდა ხუთი წელიწადი და „მანჩესტერ იუნაიტედს” შოუს გამო პრობლემა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ხეირი.

თავიდან, ლუის ვან გაალს ეგონა, რომ შოუ უბრალოდ ჯანზე ვერ იყო. ვაზუსტებთ, მერე, როდესაც „იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუ მივიდა, მან იფიქრა, რომ მცველს ჭარბწონიანობა აწუხებდა, მაგრამ ვან გაალი საკითხს უფრო მარტივად ხედავდა — ბიჭი ფიზიკურ ფორმაში ვერ არის და 90 წუთს ვერ დარბისო.

ვან გაალს ფიზიკური მომზადებისადმი მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა. ის შოუს ვარჯიშით ტყავს აძრობდა, ამ საქმეს მთელი წელიწადი შეალია და ბოლოს, როგორც იქნა ისე აათამაშა, როგორც თავად უნდოდა, მაგრამ… ფეხბურთელი დაშავდა. ეს ჩემპიონთა ლიგაში, „ეინდჰოვენთან” შეხვედრის დროს მოხდა.

ლუკ შოუ გამოჯანმრთელებას დიდხანს მოუნდა. როდესაც მან კვლავ შეძლო მოედანზე გასვლა, გუნდს სათავეში უკვე ჟოზე მოურინიუ ედგა. და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პორტუგალიელს ეგონა, რომ მარცხენა მცველი წონას ვერ ერეოდა.

2018 წელს, „ბრაიტონთან” სათასო შეხვედრაში, მოურინიუმ ლუკ შოუ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა — ვერ დარბისო.

დიდი წვალების შედეგად, შოუმ როგორც იქნა მაინც მოიგო მოურინიუს გული, მაგრამ… ამომავალ ვარსკვლავს დაცვაში მხოლოდ და მხოლოდ ეშლი იანგზე წინ რომ დაგაყენებენ, დიდი სატრაბახო საქმე არ უნდა იყოს. მოკლედ, რასაც ელოდნენ, შოუ ის არ გამოდგა.

ახლა, დადგა სულშერის დრო. ნორვეგიელი მწვრთნელი შოუს თითქოს ენდობა, ათამაშებს, მაგრამ კაცმა რომ თქვას უკეთესი არჩევანი არ აქვს და იმიტომ. მისი ალტერნატივა კვლავ ეშლი იანგია. ნუ, თუ იანგი არა, მაშინ მარკოს როხო, რომელზეც „სანი” პირდაპირ წერს, ამ კაცის საფეხბურთო ინტელექტი საშინლად დაბალიაო.

მიმომხილველები კი ამბობენ, რომ ლუკ შოუ პრემიერლიგის ექვსეულის გუნდებიდან „იუნაიტედის” გარდა, სასტარტოში ვერსად მოხვდებოდა.

ასე რომ, პატრის ევრას შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” დაცვის მარცხენა ფრთაზე პრობლემაა აქვს და მას ლუკ შოუ ჰქვია. ეს არის პრობლემა რომელიც სულშერმა რამენაირად უნდა გადაჭრას.