კავკასიის ერთ პატარა ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. იმ დროს ხალხი სტადიონზეც დადიოდა, თაობები კი ერთმანეთზე უკეთესები მოდიოდნენ. ჯერ იყო და, ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა მოედანზე დიდ საქმეებს ატრიალებდნენ. მერე იყო მცირე ჩავარდნა, თუმცა ბასა ღოღობერიძე პატარა ქვეყნის სინდისს ერთ ბეწო ხინჯს არ აკარებდა. შემდეგ მოვიდნენ ოქროს ბიჭები, მიშა მესხის თაოსნობით, გუნდში ქართულის ძალიან ცუდად მცოდნე, თუმცა ქართული საქმის მკეთებელი სლავა მეტრეველი; საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მცველი, გივი ჩოხელი; კაპიტანი შოთა იამანიძე; გოლების მანქანა ვლადიმერ ბარაქაია; ბურთის უბადლო მცოდნე გიორგი სიჭინავა და ნამდვილი გმირი, ილია დათუნაშვილი. შემდეგ კვლავ თაობათა ცვლა; ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, შენგელია, სულაქველიძე და – თასების მფლობელთა თასი.

90-იან წლებში, ამ პატარა ქვეყანას მძიმე პერიოდი დაემთხვა. დამოუკიდებლობის მოპოვებას სისხლი დასჭირდა, თუმცა მძიმე პერიოდის მიუხედავად, მაინც საფეხბურთო ერად რჩებოდა, ტალანტები ჰყავდა და გულშემატკივარიც იმდენად მომთხოვნი იყო, რომ მწვრთნელს ინგლისთან წაგების გამო ათავისუფლებდნენ…

დღეს სტადიონზე აღარც გულშემატკივარი დადის და 2 წლის დაარსებული გუნდებიც თბილისში ადვილად იგებენ. საკუთარ მოედანზე წაგება რა მოსატანია, მათ კლუბებს ილია დათუნაშვილი ერთ თამაშში ხუთ გოლს უტანდა. სხვა თუ არაფერი, ამ ცოცხალი ლეგენდის მაინც შერცხვენოდათ.

უბედურება ის კი არ არის, რომ წავაგეთ, არამედ შემგუებლობა, თითქოს რაც მოხდა კანონზომიერი იყო. ისტორია გვაჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი სულ ჯომოლუნგმაზე თუ არა, არარატზე მაღალი მწვერვალებიდან მაინც იყურებოდა.

ამ პატარა ქვეყნის ჩემპიონი, ამდენი ცოცხალი ლეგენდის თვალწინ, 2 წლის დაარსებულ გუნდთან გასვლაზე მოგებულ თამაშს საკუთარ მინდორზე აგებს, თანაც ისე, რომ ბოლო ნახევარ საათში კარში მხოლოდ ერთხელ ურტყამს. მატჩის შემდეგ, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ისევ ევროპიდან გადმოტანილი ფრაზებით, პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს – თითქოს ვინმე სხვას რომელიმე თავმოყვარე ჟურნალისტი დააკისრებდა.

ზოგიერთმა ტაშიც დაუკრა – ამით, თითქმის წამებულ გმირებს გაუთანაბრეს.

ტყუილად გულზე მჯიღის ცემა არავის უნდა, უსაფუძვლო კუდაბზიკობა არაფერს მოგვცემს, მაგრამ ამის შიშით, სირცხვილის და თავმოყვარეობის გრძნობის დაკარგვა, ვფიქრობ, კიდევ სხვა სიმპტომებზე მეტყველებს.

წილი
წინა სტატიაშოუ უნდა გაგრძელდეს?
შემდეგი სტატიაადრიანი
ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.